საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზრდება, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით ამ ცვლილებით ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის მობილიზება მოხდება.
აზარტული თამაშების სექტორი დღეს რამდენიმე ძირითადი გადასახადით იბეგრება. სექტორის ყველაზე დიდი წილი ელექტრონული თამაშების ოპერატორებზე მოდის, მათთვის 2022 წლიდან მოგების 10%-იანი გადასახადი მოქმედებს. ამ კომპანიებისთვის იბეგრება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10%.
თუკი 2022 წლამდე ამ კომპანიებისთვის მოქმედებდა განაწილებული მოგების 15%-იანი გადასახადი, GGR-ის დაბეგვრით მათი საგადასახადო განაკვეთი გაიზარდა, რადგანაც თუკი კომპანია მიღებულ მოგებას არ გაანაწილებდა მას 0 ლარის გადახდა შეეძლო, ხოლო GGR-ით კი მისთვის მოგების გადასახადის გადახდა სავალდებულოა იმისდა მიუხედავად გაანაწილებს თუ არა მოგებას.
როგორ მუშაობს GGR-ის მოგების გადასახადი?
თუკი ონლაინ კაზინომ კონკრეტული წლის განმავლობაში ფსონების სახით 5 მილიარდი ლარი მიიღო და მოგების სახით მოთამაშეებზე 4.5 მილიარდი ლარი გასცა, მისთვის GGR შეადგენს 500 მილიონ ლარს, შესაბამისად კომპანია მოგების გადასახადის სახით გადაიხდის 500 მილიონის 10%-ს, რაც 50 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა დღეს დაანონსებული ცვლილებებით ეს განაკვეთი 75 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
პრემიერ-მინისტრის განცხადება:
"სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შევცვალოთ. ახალი გეგმის მიხედვით სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-სა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5%-ით, ნაცვლად დღეს მოქმედი 2%-ისა. ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ ეს ცვლილებები ბიუჯეტში დამატებით მოიტანს 400 მილიონ ლარს.
სამწუხაროა რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება, რაც მე არ მიხარია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული სათამაშო ბიზნესში. 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა. შარშან გვქონდა დიდი ცვლილებები, როდესაც ავკრძალეთ რეკლამირება და 25 წლამდე პირებს ავუკრძალეთ თამაში, რითიც 1.5 მილიონ მოქალაქეს შეეზღუდა თამაში,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს 9 თვის მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან 157 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.4 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით მეტია.