მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშო ბიზნესის მოგების გადასახადი 15%-მდე იზრდება, მოგებული თანხის გატანა 5%-ით დაიბეგრება

აზარტული თამაშები

საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზრდება, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ამ ცვლილებით ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის მობილიზება მოხდება.

"სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შევცვალოთ. ახალი გეგმის მიხედვით სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-სა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5%-ით, ნაცვლად დღეს მოქმედი 2%-ისა. ასევე მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ ეს ცვლილებები ბიუჯეტში დამატებით მოიტანს 400 მილიონ ლარს.

სამწუხაროა რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება, რაც მე არ მიხარია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული სათამაშო ბიზნესში. 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა. შარშან გვქონდა დიდი ცვლილებები, როდესაც ავკრძალეთ რეკლამირება და 25 წლამდე პირებს ავუკრძალეთ თამაში, რითიც 1.5 მილიონ მოქალაქეს შეეზღუდა თამაში,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს 9 თვის მონაცემებით, 2023 წელს სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან 157 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.4 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით მეტია.

2022 წლიდან შეიცვალა სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშების მოწყობის დაბეგვრის წესი. კერძოდ კი ეს კომპანიები წარსულში იბეგრებოდნენ ჩვეულებრივი მოგების გადასახადით, რაც განაწილებულ მოგების 15%-ს შეადგენდა.

თუმცა, შეცვლილი საგადასახადო წესით, ონლაინ-კაზინოებს უწევთ მოგების გადასახადის სახით გადაიხადონ მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10%.

დღეს დაანონსებული ცვლილებით სწორედ GGR-ის განაკვეთი შეიცვლება და 10%-ის ნაცვლად 15% გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები