ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის საკითხზე გამოძიება არ დაიწყება. მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე წარმოდგენილი გარემოებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, რის გამოც გამოძიების დაწყება სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია.
"პროკურატურაში, სახალხო დამცველის აპარატიდან, 2026 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა წერილი, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა.
აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა ელექტრონული ბმულები, რომელთაგან ერთი შეეხებოდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის - იოსებ ბარათაშვილის მიერ 2 ნოემბერს მედიასთან გაკეთებულ კომენტარს, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხოლო მეორე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, რომელსაც ის მიიჩნევდა არაკანონიერად.
ვინაიდან, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია და ზემოაღნიშნულ წერილში მითითებულ ელექტრონულ ბმულებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, დღეს, 16 ნოემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, შეხვდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს, გასაუბრებისა და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, თუმცა მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ციხეში მიღებულ წერილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას ოფიციალურად დღეს, 16 ნოემბერს, მიმართა. 2026 წლის 24 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად პირადად გადასცა ყოფილ პრემიერს. მანამდე, 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში ღარიბაშვილი ამბობდა, რომ მუქარის წერილი მიიღო მამუკა მდინარაძისგან, სადაც ის ახალი ბრალის აღიარებას ითხოვდა.
























