მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრისტალმა" 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი აამოქმედა - არჩილ ბაკურაძე

5e74c7d1eaf45
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.20 22:00
4177
3-თვიანი საშეღავათო პერიოდი ყველა საკრედიტო პროდუქტზე გავრცელდება, - ამის შესახებ bm.ge-ის "კრისტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "კრისტალმა" ჯერ კიდევ წინა კვირაში განაცხადა, რომ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენდა თავის მომხმარებლებს.

„დღეს ოფიციალურად შემიძლია გითხრათ, რომ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი ყველა საკრედიტო პროდუქტზე გავრცელდება.

ჩვენი ვარაუდით, ამ შეღავათით ბევრი მსესხებელი ისარგებლებს, რადგან კორონავირუსმა ობიექტურად შექმნა შეფერხება. სწორედ ამ დროს შეგვიძლია ჩვენ ერთმანეთს დავეხმაროთ. ჩვენი აზრით, რაც უფრო მეტი ერთიანობა იქნება ახლა, რაც უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, რომ ადამიანები სახლში დარჩნენ და ეს პერიოდი უმტკივნეულოდ გადაიტანონ, მით სწრაფად დავძლევთ ამ გამოწვევას და მოვემზადებით სარეაბილიტაციო პერიოდისათვის“, - აცხადებს არჩილ ბაკურაძე.

„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია პარალელურად უზრუნველყოფს მომხმარებლების ფინანსებზე ხელმისაწვდომობას.

„ამავე დროს, ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ მომხმარებლების დაფინანსება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების მხარდაჭერა. უკვე ვემზადებით სპეციალური პროდუქტებითა და ტექნიკური დახმარებით იმ მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის, ვისაც კრიზისული პერიოდის შემდეგ მოუწევთ ბიზნესის ფეხზე დაყენება.

ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კი, "კრისტალმა" გამოყო 50,000 ლარის სასტარტო დაფინანსების ფონდი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, რათა წაახალისოს კორონავირუსთან გამკლავების ინოვაციური იდეები და სამეწარმეო გადაწყვეტები“, - აღნიშნა ბაკურაძემ.

„კრისტალის“ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეეძლებათ იმ მომხმრებლებს: ვისი სესხიც გაცემულია 2020 წლის 14 მარტამდე; 2020 წლის 14 მარტის მდგომარეობით არ იყვნენ ვადაგადაცილებაში; 2020 წლის 14 მარტიდან 1 ივნისამდე პერიოდში სესხის არსებული გრაფიკით ერთი შენატანი მაინც უწევთ.

ამასთან, მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობა 2020 წლის 28 მარტამდე უნდა გამოხატოს უარი შეთავაზებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ავტომატურად ჩაერთვება 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი, რაც გულისხმობს სესხის ვადის გაგრძელებას, ისე რომ ყოველთვიური შენატანი არსებითად არ გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ „კრისტალში“ განაცხადების მიღება და დამუშავება ორშაბათს - 16 მარტს, დაიწყო.