მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებული კლიენტების შენარჩუნება და ძველების დაბრუნება - რას ელოდება „კრისტალი“ მიკრობანკობით?

კრისტალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ მიკრობანკის ლიცენზიის მიღების მოლოდინშია. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილ განაცხადს მარეგულირებელი 6 თვის ვადაში განიხილავს და „კრისტალი“ იქნება ერთ-ერთი პირველი ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში. „მიკრობანკობა საშუალებას მოგვცემს, ჩვენს სტრატეგიულ სისუსტეს ვუმკურნალოთ“ - თქვა „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძემ „წერტილთან“ ინტერვიუში, სადაც მიკრობანკობის უპირატესობებსა და მოლოდინებზე ვრცლად ისაუბრა.

- რატომ გჭირდებოდათ მიკრობანკობა - რა ახალ შესაძლებლობებს ხედავს „კრისტალი“ მიკრობანკის ლიცენზიის ხელში დაჭერის შემდეგ?

- მიკრობანკობა ჩვენთვის განვითარების ახალი ეტაპია; ის ფინანსური შუამავლობის სრულად სხვა ფორმაა. პირველ რიგში, მიკრობანკის ლიცენზია საშუალებას მოგვცემს, ფინანსური სახსრები მოსახლეობისგანაც მოვიზიდოთ, ვინაიდან მისო-ებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისგან დეპოზიტების მიღების უფლება აქვთ; თავის მხრივ, დაფინანსების მექანიზმების დივერსიფიკაცია, ზოგადად, ჩვენი ფინანსური პროდუქტების გაიაფებას გამოიწვევს. გარდა ამისა, შეგვეძლება, მომხმარებელს სრულფასოვნად მივაწოდოთ საგადახდო სერვისები; ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა. საქმე ის არის, რომ როდესაც ჩვენი მომხმარებლები იზრდებიან, მათ სჭირდებათ სხვა ტიპის სერვისებიც, რასაც როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ვერ ვაწვდიდით. მიკრობანკობა კი, საშუალებას მოგვცემს, ვიყოთ არა მხოლოდ მიკრობიზნესზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, არამედ მიკრო და მცირე ბიზნესზე ორიენტირებული ორგანიზაცია და ამით ვუმკურნალოთ და ვუპასუხოთ სტრატეგიულ სისუსტეს, რომელიც აქამდე გვქონდა - მეწარმეები ჩვენ ხელში იზრდებოდნენ და შემდეგ სხვა ბანკებში გადადიოდნენ...

- თქვენი აზრით, როგორ შეძლებენ მიკრობანკები ბანკებისთვის კონკურენციის გაწევას თუ მთავარია, „გაზრდილი“ კლიენტები სხვასთან არ წავიდნენ?

- მიკრობანკის სახით ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შექმნის მიზეზი იყო ის გარკვეული სიმცირე თუ დეფიციტი, რომელიც ფინანსური მომსახურების მიწოდების კუთხით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არსებობდა; ერთი შეხედვით, საბანკო სფერო ძალიან კონკურენტულია, მაგრამ რეალურად, ბანკები იბრძვიან ამ უზარმაზარი ბაზრის პირამიდისთვის ანუ განვითარებული, დიდი ზომის კომპანიებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისთვის (SME), ხოლო პირამიდის ბაზა მოიცავს უამრავ მეწარმეს, მათ შორის ქალ მეწარმეებს, რომელთაც არ აქვთ მომსახურების ის დონე, რომელიც სჭირდებათ. სინამდვილეში, მიკრობიზნესს ემსახურებოდნენ მისო-ები, მცირე და საშუალო ბიზნესს - ბანკები, მაგრამ ამ ორ სეგმენტს შორის რჩება ძალიან საინტერესო, მზარდი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სეგმენტი - მცირე ზომის ბიზნესები, საწარმოები, რომლებსაც ალბათ ზრდის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვთ - სწორედ მათთვის შეიქმნა ახალი პლატფორმა მიკრობანკების სახით, რათა ამ სეგმენტში კონკურენცია ამაღლებულიყო; სწორედ მიკრობანკები უნდა იყვნენ მთავარი პროვაიდერები საკრედიტო და სხვა ფინანსური სერვისების ეკონომიკის ამ ნაწილისთვის. ამდენად, ჩემი აზრით, მიკრობანკები გააჩენს უფრო მეტ კონკურენციას ბაზარზე, რაც მომხმარებელზე დადებითად აისახება.

- სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ ბოლო ანგარიშში ეწერა, რომ მიკრობანკების გამოჩენა საკრედიტო პროდუქტების გაიაფებას და, შესაბამისად, კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს. თქვენ გაქვთ მსგავსი მოლოდინი ანუ რა შეიცვლება მომხმარებლისთვის?

- სამყაროში ყველაფერი ვითარდება და მათ შორის ფინანსური სერვისები იცვლის თავის შინაარსს; იყო მისო, არ ნიშნავს მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობას და მხოლოდ ფინანსური სერვისების მიწოდებას; დიდწილად ჩვენი მისიაა, მომხმარებლის ეკონომიკური და ფინანსური გაძლიერება. დღესდღეობით, შეიცვალა თამაშის წესები და მომხმარებელი არა მხოლოდ ფულს ითხოვს, არამედ უფრო მეტ ყურადღებას, ურთიერთობას, რომელსაც მოაქვს ნდობა, რთულ სიტუაციებში მხარდაჭერა და თანადგომა, ამიტომ ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვართ და ვიქნებით ბაზრის საინტერესო მონაწილე და მცირე და საშუალო იგრძნობს „კრისტალის“მხარდაჭერას და ყურადღებას.

- რაში გამოიხატება ეს ყურადღება? მთავარი მაინც ხომ საკრედიტო პროდუქტის ფასია...

- თუმცა ყურადღება და მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია; როდესაც კომპანიას სჭირდება დაფინანსება, მას უნდა ჰქონდეს შეგრძნება, რომ ის ამ დაფინანსებას მიიღებს, რადგან ესმით მისი პრობლემები. ხშირად ჩვენი მომსახურება ცდება სესხის გაცემას და მოიცავს გარკვეულ რჩევებს და კონსულტაციას. "კრისტალის" სესხის ოფიცრები მომხმარებლისთვის აკეთებენ იმაზე მეტს, ვიდრე სტანდარტულად სესხის ოფიცერს მოეთხოვება. ამდენად, ჩვენი დამატებითი ღირებულება შედგება არა მხოლოდ ფინანსური პროდუქტისგან, არამედ კონსულტაციებისგან. ჩვენ შევქმენით შვილობილი კომპანია „კრისტალ კონსალტინგი“, რომელიც ბიზნესისთვის არასაკრედიტო სერვისების მიწოდებით არის დაკავებული. ამდენად, „კრისტალი“ არის, მაგრამ კიდევ უფრო გახდება ადგილი, სადაც მცირე და საშუალო მეწარმე იპოვის მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებს, მათ შორის ფულად რესურსს. შეიძლება, კრედიტი არც გჭირდებოდეს, მაგრამ „კრისტალში“ გქონდეს ანგარიში და სხვა მომსახურებით ისარგებლო.

- მას შემდეგ, რაც „კრისტალი“ გახდება მიკრობანკი, პირველი ორი წელი რა მოლოდინი გაქვთ - რა უნდა შეძლოთ?

- ჩვენი მიზანია, არსებული მომხმარებლის შენარჩუნება და მათთვის უფრო მეტი საინტერესო მომსახურების გაწევა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებით. ასევე, ველოდებით ძველი კლიენტების დაბრუნებას, რომელთაც განვითარების გარკვეულ ეტაპზე ხელი შევუწყვეთ, გაიზარდნენ და მოუწიათ სხვა ბანკებში გადასვლა. ვფიქრობთ, ახლა ძალიან კარგი მომენტია, რომ ისინი დაუბრუნდნენ „კრისტალს“ და ჩვენ მზად ვიქნებით მათი მომსახურებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები