მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ უახლოეს პერიოდში მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადის შეტანას გეგმავს.
„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე „საქმიან დილაში“ ორგანიზაციის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით განვლილ გზას აფასებს და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობაზე საუბრობს.
არჩილ ბაკურაძე საქართველოს პარლამენტში მიკრობანკების შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს „კანონის დახვეწად“ აფასებს და ამბობს, რომ ლიცენზიის მიღების გამარტივება მისი მიღების დროს შეამცირებს.
„ჩვენ ძალიან მალე მოვიპოვებთ მიკრობანკის ლიცენზიას და მცირე და საშუალო ბიზნესის სრულფასოვანი მომსახურების საშუალება გვექნება. განაცხადს უახლოეს მომავალში გავაკეთებთ. სამართლებრივი პროცედურები დაწყებულია. კანონი იხვეწება. კიდევ ერთხელ გადავუხდი საქართველოს პარლამენტს მადლობას, რომ ძალიან მობილიზებულად დაგვიჭირეს მხარი და დაინიცირდა ცვლილება, რომელიც უახლოეს პერიოდში განაცხადის შეტანაში გვეხმარება და ამ დიდი ნაბიჯის გადადგმა“, - აცხადებს ბაკურაძე.
„კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიკრობანკად გადაქცევის შესაძლებლობებს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ეს ორგანიზაციას დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
„პირველ რიგში ეს მოგვცემს შესაძლებლობას მცირე და საშუალო ბიზნესთან ვიმუშავებთ სოლიდურად და გრძელვადიანად. მაგრამ ამავე დროს ბანკად გახდომა შესაძლებლობას გვაძლევს გავხდეთ ანაბრების/დეპოზიტების მიმღები ორგანიზაცია. ეს კიდევ უფრო შემდეგი დონეა, როდესაც ფინანსურ ჩართულობაზე. ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენს მომხმარებელს დანაზოგების გაკეთება სურთ, რისთვისაც ძალიან კარგ პირობებს შევუქმნით, რაც გარკვეულ წილად ჩვენი მიზნების მიღებაში დაგვეხმარება“, - ამბობს ბაკურაძე.
მმართველ უმრავლესობას მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვების გამარტივება სურს. პარლამენტში კანონპროექტის განხილვები უკვე დაიწყო. ცვლილებების ავტორები აცხადებენ, რომ არსებული კანონმდებლობით ლიცენზიის მაძიებელმა მიკრობანკმა ლიცენზიის მოპოვების მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მფლობელების ჯგუფისა და სტრუქტურის შესახებ, ასევე დეტალური ინფორმაცია ყველა აქციონერის შესახებ მფლობელობის ყველა დონეზე, რაც პროცესს ართულებს. „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები კი ამას გაამარტივებს.