მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კვირაში 100 კგ მარწყვს ვიღებთ“ - საგურამოში 350 000 ლარის ინვესტიციით მარწყვის სასათბურე მეურნეობა გაიხსნა

607d9b6752e18
ინგა მურუსიძე
20.04.21 00:14
6738
მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი“ გაიხსნა. სასათბურე მეურნეობა 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და წლიურად, 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე „მაგემე“-ს ბრენდით ხორციელდება. სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 350 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 50 000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 150 000 ლარი -  შეღავათიანი აგროკრედიტი.

Bm.ge-ს „მაგემეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ყოფილი ბანკირი, ქეთი დოლიძე უყვება, რომ ბიზნესის წამოწყების გადაწყვეტილება პარტნიორთან ერთად ივლისში მიიღო.

„სათბურის მშენებლობა გასული წლის ივლისის ბოლოს დავიწყეთ, ნერგები ნოემბერში დავრგეთ და წელს, აპრილში უკვე პირველი მოსავალი მივიღეთ. ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. 3 აპრილს მივიღეთ პირველი მოსავალი და რეალიზაციაც განვახორციელეთ. დღემდე ნახევარ ტონაზე მეტი მოსავალი ავიღეთ და ყველაფერი გავყიდეთ. მომდევნო კვირის შეკვეთებიც აღებული გვაქვს. საშუალოდ კვირაში 100 კგ მარწყვს ვიღებთ“, - განაცხადა ქეთი დოლიძემ.

როგორც ის ამბობს, მარწყვში ნიტრატების შემცველობა სტანდარტულზე 2.5-ჯერ დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ჭამა ბავშვებისთვისაც სრულიად უსაფრთხოა.

ამ ეტაპზე „მაგემეს“ წარმოებული მარწყვი ონლაინ, 15 ლარად იყიდება. საწარმოს დამფუძნებლები კი გეგმავენ, რომ მომავალში სათბურში აგროტურები მოაწყონ, რათა მოქალაქეებმა თავად შეძლონ მიწაზე მუშაობა, მარწყვის დაკრეფა, ადგილზე დაგემოვნება და ა.შ.

კითხვას - რატომ გადაწყვიტა ბიზნესის წამოწყება პანდემიის დროს, სრულიად არასტაბილურ ვითარებაში, ქეთი დოლიძე ასე პასუხობს: „აგროსფეროსთან არასდროს არანაირი კავშირი არ გვქონდა. მე ბანკირი ვიყავი, ჩემი პარტნიორი სამედიცინო სფეროში იყო დასაქმებული. პანდემიის დროს მივხვდით, რომ რეალურად, მხოლოდ რამდენიმე სფერო იყო, რომელიც არ გაჩერებულა, არამედ - პირიქით, პოტენციალი გაუჩნდა და მათგან ერთი იყო აგროსექტორი. სწორედ ეს პოტენციალი დავინახეთ აგროწარმოებასა და აგროტურიზმში. ეს ჩვენთვის იყო ახალი შესაძლებლობა, გავრისკეთ, რადგან არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, რა იქნებოდა და ახლა უკვე შედეგი გვაქვს“.

სასათბურე მეურნეობაში სტაბილურად 5 ადამიანია დასაქმებული, პერიოდულად კი სეზონზე 5-ს იმატებენ.

„მაგემე“ უკვე თანამშრომლობს ქართული შოკოლადის მწარმოებელ „მონამისთან“, რომელიც მარწყვს შოკოლადში ავლებს და სასაჩუქრე სახით ახდენს რეალიზაციას.

გარდა ამისა, ქეთი დოლიძის თქმით, უახლოეს მომავალში „მაგემეს“ მარწვი ხის, მოწნული კალათებით გაიყიდება, რომელსაც რიკოთზე მცხოვრები 17 წლის მოზარდი თავისი ხელით ამზადებს.

ქეთი დოლიძე და მისი პარტნიორი ივა ყაჭიური ბიზნესის გაფართოებასაც გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები