მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლარი ჩვენი ეკონომიკის ლაკმუსის ქაღალდია" - ირაკლი კოვზანაძე

6062298763445
თამთა ჯიჯავაძე
30.03.21 00:12
1387
"ლარი ჩვენი ეკონომიკის ლაკმუსის ქაღალდია", - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, ლარის გაუფასურებაზე სხვადასხვა მიზეზი მოქმედებს.

„ჩემი ხედვით, ამ მიზეზების ფაქტორიზაციას გავაკეთებდი და სამ მთავარ მიზეზს გამოვყოფდი, რომელიც დღეს მოქმედებს. პირველი - ეს არის მაკროეკონომიკური ფაქტორები; მოგეხსენებათ, 2020 წელს ეკონომიკა შეგვიმცირდა 6.2%-ით, ამ წლის იანვარში - 11.5%-თ, თებერვალშიც ველოდები, რომ შემცირება იქნება, არა ასეთი, მაგრამ მაინც იქნება. ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვაქვს. ტურიზმიდან და ექსპოტიდან დიდი შემოსავლები ამოგვივარდა. შემოდინებები გვაქვს შემცირებული და გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, რომელიც ქმნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის რისკებს.

მეორე ფაქტორი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ამუშავება დაიწყო, ეს არის ჩვენს მთავარ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყანაში, თურქეთში მიმდინარე მოვლენები. ერთ კვირის წინ თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი შეიცვალა, რომელიც გამოირჩეოდა მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებით. ერთი დღის განმავლობაში ამ ცვლილების შედეგად თურქულმა ლირამ თითქმის 15%-ით დევალვაცია განიცადა. ბუნებრივია, ეს ჩვენზეც გავლენას ახდენს.

მესამე ფაქტორი არის პანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკაშირებული პროცესები და მესამე ტალღასთან დაკავშირებული მოლოდინები“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება საჭირო ნაბიჯებს, რაც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება შეჩერდეს, კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ერთი მხრივ, ეროვნული ბანკის, მეორე მხრივ, კი მთავრობის გარკვეული ქმედებებია საჭირო.

„ეროვნულ ბანკს ინტერვენციების გარდა სხვა ინსტრუმენტებიც გააჩნია და ვფიქრობ, მათ იყენებს. მე წლის ბოლოს, როდესაც 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ხდებოდა, ვთქვი, რომ ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევა მოუწევდა. მაშინ არ დამეთანხმნენ, მაგრამ სამი თვის შემდეგ ეს ასეც მოხდა. ეროვნული ბანკი ინტერვენციებს განახორციელებს, იმიტომ რომ ჩვენ მაღალი დეფიციტით ვმუშაობთ.

ბიუჯეტში ჩადებულია 7.5%-იანი დეფიციტი, ასეთი ჩვენ არ გვქონია არასდროს, მანამდე 2-3%-იანი დეფიციტით ვმუშაობდით. ასევე მაღალი სახელმწიფო ვალი გვაქვს. ამიტომაც ეროვნულ ბანკს მოუწევს გაანეიტრალოს ფულადი ნაკადები. ამ ინტერვენციებს ის ახორციელებს იმ რეზერვებიდან, რომელიც მაღალ დონეზეა, რომელიც შევსებულია დონორებისგან მიღებული თანხებით. ასე რომ, ვფიქრობ, ცენტრალური ბანკი მთავარ ინსტრუმენტებს გამოიყენებს, მაგრამ მეორე მხარეა მთავრობა. ფინანსთა სამინისტრომ და სხვა ინსტიტუტებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. აქ ეკონომიკის გახსნა, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება მნიშვენლოვანია. პანდემიასთან ბრძოლას სჭირდება გააქტიურდება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ცნობისთვის, ლარი კლავ გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულება 3 ლარი და 38 თეთრი გახდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება ლარის კურსის სტაბილურობისთვის ყველაფერს აკეთებს, რაც ეკონომიკის ამოქმედებასა და შეზღუდვების მოხსნაში გამოიხატება. მისი თქმით, "ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდინაციაშია".