პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირებას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. კოვზანაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაბალი ინფლაციის მაჩვენებლით არის განპირობებული.
"რეფინანსირების განაკვეთი შემცირება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. რეფინანსირების განაკვეთთან არის მიბმული მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი თანამემამულეების სესხების და განაკვეთის შემცირება არის კარგი. მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ საპროცენტო განაკვეთის აწევას და დაწევას გარკვეული გადაცემის მექანიზმი აქვს. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც ეროვნული ბანკი ინფლაციის დასათრგუნად იყენებს. ჩვენ ინფლაცია გვაქვს სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი და ეს ძალიან კარგია, გახსოვთ, რომ იგივე კოვიდ პანდემიის დროს ჩვენ მაღალი ინფლაცია გვქონდა. ამიტომ ამ საპროცენტო განაკვეთს აქვს თავისი გადაცემის მექანიზმი და მნიშვნელოვანია ინფლაციური პროცესების შერბილება", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
13 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით 8.25%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. რეფინანსირების განაკვეთი ასეთი დაბალი ბოლოს 2021 წლის თებერვლის შემდეგ არ ყოფილა.