მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინდა, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ" - პრემიერი ფარმაცევტულ ბიზნესს შეხვდა

61b0530defe8c
ინგა მურუსიძე
08.12.21 10:41
1054
"მინდა, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ისე, რომ მოსახლეობის ინტერესებიც გავითვალისწინოთ და ბიზნესის ინტერესიც", - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს.

„ჩვენ დავასრულეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ ეს ხედვა, თქვენგან მოვისმინო რეკომენდაციები, თქვენი აზრი და ვიმსჯელოთ ამ თემაზე. რაც მთავარია, მინდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, მაქსიმალურად დაცული, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა, ბიზნესის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. ჩვენ თუ ამ ბალანსს ვიპოვით, ეს იქნება იდეალური გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის”, - აღნიშნა შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გავრცელებულ რელიზში წერია, "შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა ბიზნესის მხარდაჭერისთვის, მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რამაც ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას".

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ქედელიძე ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ: პრემიერმა უკვე დააანონსა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე ცვლილებები იქნება, მათ შორის - საკანონმდებლო.