მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინისტრის მოადგილემ კონკრეტული შეთავაზება გაგვაცნო" - სამინისტროში სოცაგენტებთან შეხვედრა დასრულდა

61eaa0242be95
მარიამ ვარადაშვილი
21.01.22 16:10
592
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცულ თანამშრომლებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა. „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი და გაფიცული სოციალური აგენტების იურისტი, დავით ომსარაშვილი BMG-ის ეუბნება, რომ რამდენიმე საათში შეხვედრა იგეგმება თანამშრომლებთან და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას გაგრძელდება თუ არა გაფიცვა.

“მინისტრის მოადგილემ კონკრეტული შეთავაზება გაგვაცნო. ამ ეტაპზე დეტალების თქმისგან თავს შევიკავებ, ისევ დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს შეხვედრა გაქვს დაგეგმილი დასაქმებულებთან და თავად ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას გაგრძელდება თუ არა გაფიცვა. ამ დროისთვის მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ამ ეტაპზე შემოთავაზებაზე ვერ ვისაუბრებ. გარკვეულ მოთხოვნებზე სამინისტრო დათმობაზე წამოვიდა და არსებობს საკითხები, რის დათმობაზეც უარს აცხადებენ”,-ამბობს ომსარაშვილი.

17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაფიცულია. ერთ-ერთი გაფიცული სოციალური აგენტი, თეა ნარიმანიშვილი ამბობს, რომ სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, მათ შორის სოციალური აგენტები, უფროსი სოციალური აგენტები, სპეციალისტები, უფროსი სპეციალისტები, იურისტები და მთავარი სპეციალისტები პროტესტს გააგრძელებენ. მათი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების ზრდა და ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურებაა.

ჯანდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის შესაბამისი ანაზღაურება აქვთ. ეს ზურაბ აზარაშვილმა 17 იანვარს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გუშინ სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდებოდა.