მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი სოცდაუცველია ჭიათურასა და ზესტაფონში, სადაც "ჯორჯიან მანგანეზმა" მუშაობა შეაჩერა

ჭიათურა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, ზესტაფონში საარსებო შემწეობას ჯამში 6 344, ჭიათურაში კი 8 532 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი იღებდა.

“ჯორჯიან მანგანეზი” ფეროშენადნობთა ქარხნის ოთხი თვით გაჩერებას გეგმავს, მიზეზი გართულებული ექსპორტია. კერძოდ, კომპანიაში აცხადებენ, რომ მთავარ საექსპორტო ბაზარზე აშშ-ში ბოლო თვეა ექსპორტი სრულად გაჩერდა. შედეგად ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ზესტაფონში საარსებო შემწეობას ჯამში 6 344 იღებდა, აქედან 3 768 ადამიანი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშიც არის ჩართული.

ჭიათურაში შემწეობას 8 532 პირი იღებს, აქედან 3 750 კი სახელმწიფო პროგრამის მონაწილეა. საქსტატის ინფორმაციით, ზესტაფონში სულ 52 938 ადამიანი ცხოვრობს, რაც ნიშნავს, რომ დახმარებას თითქმის 12% იღებს. რაც შეეხება ჭიათურას, აქ 36 696 ადამიანი ცხოვრობს და მოსახლეობის 23%-ია სოციალური შემწეობის მიმღები.

სექტემბრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას ქვეყანაში ჯამში 682 738 ადამიანი იღებს. წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაზრდილია.

საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. მას შემდეგ რაც მთავრობამ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა, იმ პირებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულნი, სააგენტო აღარ ამოწმებს და სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები