ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ტურიზმის ადმინისტრაციისთვის 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯების შემცირება ლოგიკურია. ამის შესახებ მან ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დღეს უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა ფინანსთა მინისტრს ჰკითხა, რა იგეგმება და თუ პოზიტიური დინამიკა შენარჩუნებული იქნება და იქნება რაიმე დამატებითი სახსრების მობილიზების საშუალება, იქნება თუ არა ტურიზმი ის პრიორიტეტული ინდუსტრია, სადაც მოხდება დამატებითი ჩარევა და დახმარება.
ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ როგორც კი აღდგენის პატარა ფანჯარა გამოჩნდება შემცირებული ბიუჯეტის გამო მთავრობა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენასა და განვითარებას არ შეაფერხებს და ამისთვის დამატებით თანხებს გამოყოფს.
„ტურიზმში აღდგენის პროცესს დახმარება დასჭირდება და აუცილებელია, თუმცა ამ ეტაპზე ალბათ ლოგიკურია, რომ ტურიზმის ბიუჯეტი შემცირდა. იმხელა გაურკვევლობებია როდის და რა დოზით მოხდება აღდგენა, რომ არასერიოზული იქნებოდა აქ დიდი თანხების ჩაწერა და თქმა, რომ ჩვენ ვაპირებთ მაისში ამას, ივლისში ამას. იმის მიხედვით, რამდენად მოგვეცემა საშუალება, დარწმუნებული ვარ თანხების მობილიზება შეიძლება.
მე მაინც ყველაზე დიდ მნიშვნელობას, პირველ რიგში, ფრენების სუბსიდირებას მივანიჭებდი, აგრესიულად შენარჩუნებას და დამატებას აღდგენის პროცესში, თუმცა ეს ტურიზმის მოღვაწე ექსპერტებმა უკეთ იციან - სად უნდა გადანაწილდეს. ამიტომ მოდით შევხედოთ რამდენად ეფექტურად და მალე დაძლევს მსოფლიო ვირუსს და რამდენად მალე აღდგება მოგზაურობის მადა და სენტიმენტები.
დამერწმუნეთ, როგორც კი გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, ჩვენ იმის გამო, რომ თანხა არ გვაქვს გამოყოფილი, ჩვენ ამ პროცესს არ შევაფერხებთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.