ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ ენერგეტიკაში 1 მილიარდი ლარის ჯარიმების ამნისტიის ფარგლებში 111 პროექტს გაუგრძელდა ხელშეკრულება. მან ამის შესახებ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა
"მხოლოდ ახალ პროექტებს არ ვიწყებთ, სიცოცხლეს ვუბრუნებთ იმ პროექტებს, რომლებსაც წლების განმავლობაში გამოწვევები ჰქონდათ. ენერგეტიკულ პროექტებზე ჯარიმებისა და პირგასამტეხლოების მოცულობა 1 მლრდ ლარს აჭარბებდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სიცოცხლისუნარიან პროექტებს განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა მისცემოდა. შედეგი სახეზეა, პირობიანი პატიების საფუძველზე, ხელშეკრულებები გაუგრძელდა 111 პროექტს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1600 მეგავატამდეა", - ამბობს მინისტრი.
შეგახსენებთ, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერისთვის დაწყებული ჯარიმებისა და საურავების ამნისტიის შედეგად, 1 მილიარდი ლარის ჯარიმა 157 კომპანიას ჩამოეწერა. კონკრეტული დათქმებით ჯარიმები ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებს ჩამოეწერათ, რომლებიც ჩართულები არიან განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში.
























