მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტორებს ენერგეტიკის სექტორის მიმართ ნდობა დაუბრუნდათ" - მარიამ ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

"ინვესტორებს ენერგეტიკის სექტორის მიმართ ნდობა დაუბრუნდათ" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ გაზრდილ ნდობას დაკრედიტების გაზრდილი მაჩვენებლები ადასტურებს.

"ენერგეტიკის სექტორის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზრდილ ნდობას ადასტურებს კერძო კაპიტალიც. 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო დაკრედიტებამ რეკორდულ 3.2 მილიარდ ლარს მიაღწია. ეს 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით.

ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტორებს დაუბრუნდათ ნდობა ენერგეტიკის სექტორში პროცესების გამჭვირვალობაზე, სანდოობაზე, სამართლიანობასა და სექტორის განვითარების პერსპექტივაზე", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

2026 წლის ივლისის მდგომარეობით ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 3.18 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 731 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პროცენტულად კი დაკრედიტების ზრდა 30%-ია.

ამ მაჩვენებლით ენერგეტიკის სექტორმა დარგებს შორის მეხუთე ადგილი დაიკავა, რითაც ტურიზმის სექტორს გადაასწრო. ამასთან, ენერგეტიკის სექტორი მთლიანად ბიზნესის დაკრედიტების მაჩვენებელს ასწრებს რაც 12%-ს შეადგენს.

ენერგეტიკის სექტორში დაკრედიტების მატება დაკავშირებულია როგორც მცირე ჰესების პროექტების დაკრედიტებასთან, ასევე საქართველოში უკანასკნელ პერიოდში გააქტიურებულ ქარის და მზის ელექტროსადგურების პროექტებთან.

ამასთან, როგორც სების სტატისტიკიდან ირკვევა ენერგეტიკის სექტორი ვადაგადაცილების დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა - 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ენერგეტიკაზე გაცემული 3.18 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელიდან ვადაგადაცილებულია მხოლოდ 0.8 მლნ ლარის სესხები, რაც 0.03%-ს შეადგენს. შედარებისთვის მთლიანად ბიზნესსესხებში ვადაგადაცილება 1.94%-ია, რაც 64-ჯერ მეტია, ვიდრე უშუალოდ ენერგეტიკის სექტორის ვადაგადაცილებული კრედიტების წილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები