მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში $500 მილიონის ღირებულების, 360 მეგავატის ჰესები შენდება - ეკონომიკის სამინისტრო

ჰესები

საქართველოში ჯამური 360 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების პროექტები შენდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროექტების სავარაუდო ჯამური ინვესტიცია $500 მილიონს აჭარბებს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ჰესები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან, მათ შორის, ზოგიერთი პროექტის მშენებლობა უკვე დასკვნით ეტაპზეა.

ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

"ენერგეტიკის სექტორის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ეკონომიკურ გაძლიერებაზე გადის, არამედ ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და ყურადღება გამოვიჩინოთ აღნიშნული პროექტებისადმი, ისევე როგორც სხვა პროექტებისადმი, იმისთვის, რომ ყოველწლიურად სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად უზრუნველყოს საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ზრდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული სექტორის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიისა და ათწლიანი სამოქმედო გეგმის მიზანია, 2036 წლისთვის ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი გახდეს.

სამინისტროს შეფასებით, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი ჰიდროენერგეტიკის განვითარებას ენიჭება. საქართველოში ელექტროენერგიის მთლიანი გამომუშავების დაახლოებით 70-80% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის.

ამასთან, სამინისტროს განმარტებით, ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება სეზონურად იცვლება. გაზაფხულსა და ზაფხულში, მდინარეების მაღალი ჩამონადენის პერიოდში, საქართველო შიდა მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და ელექტროენერგიის ექსპორტიც შეუძლია. ზამთარში კი ჰიდროლოგიური რესურსების შემცირების გამო გენერაცია იკლებს და დეფიციტის შესავსებად ქვეყანას იმპორტისა და გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების გამოყენება უწევს.

სამინისტროს პოზიციით, ამ გამოწვევის საპასუხოდ მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი ჰესების განვითარება, რომლებიც წყლის რესურსის დაგროვებას და ზამთრის პერიოდში მის გამოყენებას უზრუნველყოფენ.

ამ ეტაპზე, სამშენებლო ეტაპზე მყოფი 360 მეგავატის ჰესების გარდა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა 1000 მეგავატზე მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების პროექტები. სამინისტროს ინფორმაციით, მათი ჯამური სავარაუდო საინვესტიციო მოცულობა $1.7 მილიარდია.

ერთ-ერთი პროექტია კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე „სტორი ჰესი“, რომლის მშენებლობაც დასკვნით ეტაპზეა. პროექტი მოიცავს 25-მეგავატიან „სტორი ჰესს“ და 12-მეგავატიან „სტორი 2-ს“. მთლიანად კასკადის დადგმული სიმძლავრე 37.6 მეგავატი იქნება, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება - 208 მილიონი კილოვატსაათი.

სამინისტროს ინფორმაციით, „სტორი ჰესი“ ერთიან ენერგეტიკულ ქსელში წლის ბოლომდე უნდა ჩაერთოს. ჰესის საქართველოს ელექტროგადამცემ ქსელში ინტეგრირება 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზით - „სტორი ჰესი–ახალი თელავი“ - მოხდება, რომელიც სადგურთან ერთად შევა ექსპლუატაციაში.

ენერგეტიკული გენერაციის პროექტების პარალელურად, სახელმწიფო ქვეყნის შიდა გადამცემი ქსელების გაძლიერების პროექტებსაც ახორციელებს. სამინისტროს სტრატეგია ითვალისწინებს ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას, რაც, უწყების განცხადებით, ახალი გენერაციის სიმძლავრეების ქსელში ინტეგრირებას და ელექტროენერგიის სისტემის სტაბილურობის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები