მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვის და რა პირობით ეპატია ჯარიმები|ყველაფერი ენერგეტიკაში ₾1-მილიარდიან ამნისტიაზე

ჰესი

ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერისთვის დაწყებული ჯარიმებისა და საურავების ამნისტიის პროცესი დასრულდა. როგორც "ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის 8 აპრილის სხდომაზე განაცხადა, 1 მილიარდი ლარის ჯარიმა 157 კომპანიას ჩამოეწერა.

"157 კომპანიას პირობითად ეპატია 1 მილიარდი ლარის ოდენობის ჯარიმა. კომპანიების ნაწილმა შეთავაზებით სარგებლობაზე უარი თქვა, რის გამოც 535 მეგავატის სიმძლავრის პროექტები შეწყდება, თუმცა გაგრძელდება 1500 მეგავატის პროექტების განხორციელება. ბუნებრივია, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკის განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს", - თქვა "ოცნების" პრემიერმა.

bm.ge-მ შესაბამისი ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან 20 მარტს გამოითხოვა, თუმცა კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლის მიუხედავად, კითხვებზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რომელ კომპანიებს ეპატიათ ჯარიმები და ვის შემთხვევაში შეწყდა კონტრაქტი.

ვის შეეხო ჯარიმების ჩამოწერა და რა პირობით?

კონკრეტული დათქმებით ჯარიმები ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებს ჩამოეწერათ, რომლებიც ჩართულები არიან განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში. უმეტესად საუბარია ჰესებთან დაკავშირებულ პროექტებზე და შესაბამის კომპანიებზე, შედარებით მცირე დოზით კი ქარის და მზის პროექტებზე. როგორც თავად სექტორის წარმომადგენლები BMG-სთან განმარტავდნენ, დაჯარიმებულები იყვნენ კომპანიები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ხალხის პროტესტის გამო ვერ ააშენეს ჰიდროელექტროსადგურები, ასევე იყო კატეგორია, რომელთაც მემორანდუმით მიღებული პირობების გადაყიდვა სურდათ და არა პროექტის თავად განხორციელება.

ენერგეტიკის სექტორში კომპანიებისთვის ჯარიმების პატიების შესახებ თავდაპირველად 2025 წლის 10 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დათქმა კი ასეთი იყო: „იმისთვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება, ამასთან, აღუდგებათ ნაპატიები ჯარიმებიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

9 თებერვალს მთავრობის განკარგულება გამოიცა და ეკონომიკის სამინისტროს დაევალა ინფორმაციის მოძიება ყველა იმ კომპანიაზე, რომელიც დაჯარიმდა ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ან მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის.

ინვესტორებს, რომელთაც ჯარიმა დაეკისრებათ, ჰქონდათ შესაძლებლობა 2026 წლის 16 მარტამდე:

  • წარედგინათ განახლებული საბანკო გარანტია;
  • მოეთხოვათ ჯარიმის პატიება ვალდებულების შესრულების პირობით. ამ შემთხვევაში, სამინისტრო მთავრობას წარუდგენდა წინადადებას ჯარიმის ჩამოწერისა და პროექტის დასასრულებლად ახალი გონივრული ვადის დაწესების შესახებ.

კომპანიებისთვის, რომლებმაც არც გარანტია განაახლეს და არც ხელშეკრულება შეწყვიტეს, განისაზღვრა, რომ სამინისტრო მემორანდუმს ცალმხრივად გაწყვეტს და ჯარიმების ამოღებას დაიწყებს.

ამასთან, გამონაკლისის სახით, ჯარიმის ჩამოწერა „ნენსკრა ჰესისა" და თბოელექტროსადგურების მშენებლობაზე დადებულ ხელშეკრულებებს არ შეხებია.

ეკონომიკის მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ჯარიმის პატიების დათქმა ითვალისწინებს ინვესტორების მხრიდან ვალდებულების კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმის სრულად აღდგენას, ისევე როგორც ახალი საურავების დარიცხვას. ჩამოწერილი ჯარიმები კი სრულად უნდა მოხმარდეს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმების ჩამოწერის საკითხს ენერგეტიკის სექტორში დადებითი შეფასებები მოჰყვა. როგორც განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში (GREDA) აცხადებენ, ჯარიმების ჩამოწერა ერთ-ერთი ნაბიჯია პროექტების მშენებლობის დაჩქარებისთვის, თუმცა ამასთან ასახელებენ სხვა გამოწვევებსაც. GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე ამბობს, რომ სექტორისთვის საჭირო მხარდაჭერა რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორისაა: ბიუროკრატიის მინიმუმამდე შემცირება, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში დახმარება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობა, სამხარეო რწმუნებულების და მათი გუნდის გააქტიურება, ასევე ფინანსური თვალსაზრისით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილ ფინანსებზე, ასევე ადგილობრივი კომერციული ბანკების მიერ შეთავაზებულ პროდუქტებზე.

"ოცნების" გეგმის თანახმად, ქვეყნის ენერგოსისტემის სიმძლავრე 2030 წლისთვის 10 ათას მეგავატამდე უნდა გაიზარდოს, დღეს არსებული 4700-დან. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ ქვეყანას არ დაემატება 2000-მდე მეგავატის დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები