საქართველოს ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის სანქციებს ამკაცრებს. ახალი წესით, რომელიც 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, გაიზრდება როგორც რიგი დარღვევებისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობა, ისე განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში ფინანსური სანქციები.
ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2026 წლის 2 ივლისის №163/04 ბრძანებით შევიდა ძალაში, რომლითაც განახლდა „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და მათი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“.
ახალი რეგულაციით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი 10 000 ლარით დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საეჭვო ოპერაციების გამოვლენას, დანაწევრებული გარიგებების იდენტიფიცირებას და პირების ავტომატურ გადამოწმებას სანქცირებულთა და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში.
იგივე ოდენობის, 10 000 ლარის ჯარიმა იქნება გათვალისწინებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ეროვნული ბანკისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის განმეორებით წარუდგენლობის, არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების ან ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
ამასთან, განმეორებითი დარღვევებისთვის სანქციები მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, იმ მოთხოვნების განმეორებით დარღვევა, რომელთა პირველადი დარღვევაც 10 000 ლარით ჯარიმდება, გამოიწვევს 20 000 ლარის ოდენობის ჯარიმას. სხვა ტიპის განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში კი სანქცია 5 000 ლარამდე გაიზრდება.
ცვლილებებით იზრდება რამდენიმე სხვა კატეგორიის ჯარიმაც - მაგალითად, სანქციადაკისრებულ პირთან დაკავშირებული ოპერაციების გამოვლენის წესების დარღვევა ან სანქციათა რეჟიმების გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციების გამოვლენა გამოიწვევს 7 000 ლარის ოდენობის ჯარიმას თითოეულ ფაქტზე.
მანამდე მოქმედი წესით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ რისკს წარმოადგენდა კლიენტებისა და ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში არ ასახვა - თითოეულ ფაქტზე ჯარიმა 7 000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევების გამო ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემთხვევაში სანქციების საერთო მოცულობამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ახალი წესით, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშგების დაგვიანებით წარდგენისთვის ჯარიმები დიფერენცირდება. ანგარიშგების 30 კალენდარულ დღემდე დაგვიანებით წარდგენა გამოიწვევს 2 000 ლარის ჯარიმას, ხოლო 30 დღეზე მეტი ვადით წარუდგენლობა — 3 000 ლარის სანქციას.
თუ პუნქტი უკვე დაჯარიმებული იყო და იგივე დარღვევას განმეორებით დაუშვებს, ჯარიმა გაიზრდება: ანგარიშგების წარუდგენლობის შემთხვევაში — 6 000 ლარამდე, ხოლო დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში — 4 000 ლარამდე.
ასევე იზრდება სანქციები მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევისთვის. კლიენტისთვის მომსახურების გაწევა აუცილებელი პროცედურების გარეშე კვლავ გამოიწვევს ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ ფაქტზე, თუმცა განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქცია 2 000 ლარამდე გაიზრდება.
ცვლილებები შეეხება ეროვნული ბანკისთვის ანგარიშგების წარდგენასაც. ყოველთვიური ანგარიშგების დადგენილ ვადაში ან ფორმით წარუდგენლობა, ასევე არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება, გამოიწვევს 1 000 ლარის ჯარიმას თითოეულ ფაქტზე.
ახალი წესით კვლავ შენარჩუნებულია რიგი სხვა სანქციებიც, მათ შორის:
- შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შეუსაბამობისთვის — 3 000 ლარი;
- კლიენტთან ურთიერთობის მონიტორინგის, ოპერაციების ან თანხების წარმომავლობის შესწავლის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის — 3 000 ლარი;
- რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით არასწორი ინფორმაციის წარდგენისთვის — 1 000 ლარი;
- წარმომადგენელი პირის დოკუმენტაციის არასრულყოფილი აღრიცხვისთვის — 500 ლარი თითოეულ ოპერაციაზე.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ცვლილებები ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა. რეგულატორი ცვლილებებით აძლიერებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შესაბამისობის კონტროლს, მათ შორის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, სანქციების შესრულებისა და მომხმარებელთა იდენტიფიკაციის მიმართულებით.
ჯარიმების ზრდას წინ უსწრებდა სებ-ის მიერ უკანასკნელ წლებში უმსხვილესი ფინანსური სანქციის გამოყენებაც, რაც 2026 წლის 22 ივნისს შპს "ვალუტა+"-ს დაეკისრა 5.5 მილიონი ლარის ოდენობით. სებ-ის თანახმად, აღნიშნულმა სავალუტო პუნქტმა 2,267-ჯერ გასწია მომსახურება მომხმარებლის ვერიფიკაციის გარეშე, ხოლო 453-ჯერ კი არ შეიყვანა ინფორმაცია ვალუტის გაცვლის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.




























