მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი „ვალუტა+“ ₾5.5 მილიონით დააჯარიმა - მიზეზები

ბანკები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს „ვალუტა+“ 5,514,000 ლარით დააჯარიმა.

ჯარიმების უდიდესი ნაწილი უკავშირდება კლიენტის და გარიგების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობას, ასევე ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურებას.

უფრო დეტალურად, დაჯარიმების მიზეზები ასეთია:

  • ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით, რისთვისაც დაჯარიმდა 3,000 ლარით.
  • ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 2 ფაქტისთვის დაჯარიმდა 4,000 ლარით.
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 453 ფაქტზე ჯარიმამ 3,171,000 ლარი შეადგინა.
  • ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების გაწევის 2,267 შემთხვევისთვის კი ჯარიმამ 2,267,000 ლარი შეადგინა.
  • 108 ოპერაციის (გარიგების) შემთხვევაში გამოვლინდა კლიენტის სახელით მოქმედი პირის ვერიფიკაციისთვის სათანადო ინფორმაციის/დოკუმენტაციის აღურიცხაობის ფაქტი, რის გამოც დაჯარიმდა 54,000 ლარით.
  • „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის, რადგან ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ წარმოდგენილი შიდა ინსტრუქცია/პოლიტიკა პროცედურა ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რის გამოც დაჯარიმდა 3,000 ლარით.
  • ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო დაკავშირებული გარიგებების და ურთიერთდაკავშირებული პირების გამოვლენასა და პირების გადამოწმებას სანქცია დაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით;
    ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 2 ფაქტისთვის კი ჯარიმამ 2,000 ლარი შეადგინა.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს „ვალუტა+“-ის მესაკუთრე და დირექტორი დავით ბოჭორიშვილია. კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები