მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯარიმების ჩამოწერასთან ერთად, აუცილებლად გვჭირდება დამატებითი მხარდაჭერა - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე

ჯარიმების ჩამოწერასთან ერთად, აუცილებლად გვჭირდება დამატებითი მხარდაჭერა - ამის შესახებ BMG-სთან „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე საუბრობს.

მისი თქმით, სექტორისთვის საჭირო მხარდაჭერა რამდენიმე საკითხს მოიცავს. მათ შორისაა: ბიუროკრატიის მინიმუმამდე შემცირება, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში დახმარება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობა, სამხარეო რწმუნებულების და მათი გუნდის გააქტიურება, ასევე ფინანსური თვალსაზრისით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილ ფინანსებზე, ასევე ადგილობრივი კომერციული ბანკების მიერ შეთავაზებულ პროდუქტებზე.

როგორც მელიქიძე განმარტავს, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი 1 მილიარდი ლარის ჯარიმების ჩამოწერა კერძო სექტორისთვის ერთგვარ „გადატვირთვად“ იქცა. თუმცა, ეს შეღავათი ინვესტორებისთვის მკაცრ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული - თუ 1 500 მეგავატზე მეტი სიმძლავრის პროექტები არ აშენდება, ჩამოწერილი ჯარიმები 100%-ით აღდგება.

ამასთან, მაია მელიქიძის განმარტებით, სექტორის წახალისება გარდაუვალი იყო, რადგან საქართველო კრიტიკულად დამოკიდებული გახდა მეზობლების ენერგიაზე. მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც თურქეთში ექსპორტს ახორციელებდა, ახლა თავად გახდა თურქეთისთვის საიმპორტო ბაზარი.

„წლების განმავლობაში ენერგეტიკა განიცდიდა სტაგნაციას და საბოლოო ჯამში ჩვენ მივედით სწორედ იმ მდგომარეობამდე, რომ წლიდან წლამდე იზრდება ენერგოდამოკიდებულება ჩვენი მეზობელი ქვეყნებისადმი. აუცილებლად უნდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რომ წელს, 2024 წლის იანვარში შემოვიტანეთ ელექტროენერგია უკვე თურქეთიდან. აქამდე თუ საქართველო განიხილებოდა ისეთ ქვეყნად, რომელიც ექსპორტს ახორციელებდა თურქეთში, ახლა ეს მოცემულობა შეიცვალა და ჩვენ გავხდით უკვე თურქეთისთვის საიმპორტო ბაზარი. მე ერთ თვესაც კი ვეღარ ვასახელებ, შეიძლება ითქვას, როდესაც ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი ელექტროენერგიის იმპორტი და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მეტად იზრდება ჩვენი დამოკიდებულება.

შარშან, 31 ივლისსაც კი შემოვიტანეთ ელექტროენერგია, არადა ზაფხულში არ ვიყავით ხოლმე დამოკიდებული, წელსაც ველოდებით ანალოგიურ მდგომარეობას. ამიტომ, ამ სექტორს სჭირდებოდა რაღაც წახალისება, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეალისტური პროექტების განხორციელება, იმ პროექტების აშენება, რომელსაც ამის სრული პოტენციალი აქვს, როგორც ფინანსური, ასევე გარემოსდაცვითი კომპონენტების გათვალისწინებით. ამასთანავე, ინვესტორი უნდა იყოს აუცილებლად კვალიფიციური, აუცილებლად გამოცდილი და აუცილებლად უნდა ჰქონდეს ტექნიკური თვალსაზრისით თავისი პროექტის რეალიზაციის შესაძლებლობა“ - ამბობს მაია მელიქიძე BMG-სთან.

მომავალში, იმისთვის, რომ ინვესტორებმა მშენებლობის დასრულება შეძლონ და ჯარიმები კვლავ არ დაეკისროთ, GREDA-ს ხელმძღვანელი სახელმწიფოსგან ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნას ითხოვს. მთავარი მოთხოვნა „ერთი ფანჯრის“ პრინციპი და პროცესების გაციფრულებაა.

„კერძო სექტორი ითხოვს, ინვესტორმა დაინახოს, კონკრეტულად რომელ უწყებაშია მისი განაცხადი და რა ვადაა განსაზღვრული საკითხის მოსაგვარებლად. თუ დათქმულ დროში ინვესტორი არ მიიღებს შენიშვნას, ეს უნდა ჩავთვალოთ თანხმობად. მხოლოდ ფინანსური ტვირთის მოხსნა არ კმარა - საჭიროა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში მხარდაჭერა და ფინანსური ხელმისაწვდომობა როგორც საერთაშორისო ინსტიტუტების, ისე ადგილობრივი ბანკების მხრიდან.“

მთავრობის მიერ დაანონსებული ჯარიმების ჩამოწერით, 157 კომპანიამ ისარგებლა და ისინი 1500 მეგავატის პროექტებს განახორციელებენ, 535 მეგავატი სიმძლავრის პროექტები კი შეჩერდება.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე კომპანიებს ჯამში მილიარდი ლარის ჯარიმებს პატიობს, თუმცა გარკვეული დათქმით - მათ ხელახლა აღარ უნდა დაარღვიონ ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმები ისევ აღუდგებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები