განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ენერგეტიკის სექტორში უკუგების პერიოდი გაზრდილია.
როგორც მაია მელიქიძემ BMG-სთან განაცხადა, ენერგოობიექტების გაზრდილი მშენებლობის ღირებულებიდან გამომდინარე, ინვესტიციის უკუგების პერიოდი რიგ შემთხვევაში 15 წლამდეცაა გაზრდილი.
მისივე თქმით, ამ ფონზე დარგისთვის კვლავ კრიტიკული რჩება მხარდამჭერი მექანიზმის ფარგლებში დადგენილი ტარიფები.
“ამ ეტაპისთვის ტარიფს აქვს ერთ-ერთი კრიტიკული მნიშვნელობა და დატვირთვა, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციური პროცესები მიმდინარეობს და ის მასალა, რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს ელექტროენერგიის გენერაციის ამა თუ იმ ობიექტის აშენება, გაძვირებულია. ინვესტორს ჰქონდა გათვლა, რომ მიიღებდა ამონაგებს 5-7-10 წელში, მაგრამ ეს პერიოდი უკვე 15 წლამდე იზრდება" - განაცხადა მელიქიძემ.
მისივე თქმით, საუბრები და განხილვები იყო მესამე CFD აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებით:
"სექტორის წარმომადგენლები ნათლად ხედავენ, რომ აუცილებელია დამატებითი წამახალისებელი მექანიზმის შემოღება. უბრალოდ უნდა შეფასდეს რისკები. ჩვენ ორი CFD აუქციონის ჩატარების გამოცდილება გვაქვს და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბება მოხდეს, ვინაიდან ამ ეტაპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაფინანსების ხელმისაწვდომობა და პროექტების მაქსიმალურად სწრაფი ტემპით მშენებლობა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ენერგოდამოკიდებულების მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. ამიტომ კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის არსებული კომუნიკაციის საფუძველზე არ გამოვრიცხავთ, არა მხოლოდ მესამე CFD აუქციონის განხილვა მოხდეს, არამედ უკეთესი და უფრო ეფექტიანი მექანიზმით ჩანაცვლდეს ეს მოცემულობა”, - განაცხადა მელიქიძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სამინისტრომ ჰესების მხარდასაჭერად აუქციონის ახალ მოდელზე დაიწყო მუშაობა. ამის შესახებ მან "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მეორე CFD აუქციონით დადგენილი მედიანური ტარიფი მზის ელექტროსადგურებისთვის - 5,6 ცენტს, ქარის 6 ჰიდროელექტროსადგურისთვის კი 6,5 ცენტს შეადგენს.























