მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროსადგურების გენერაციის შეზღუდვებთან დაკავშირებით ოპტიმალური მოდელი უნდა შემუშავდეს - მაია მელიქიძე

მაია მელიქიძე

ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ელექტროსადგურების გენერაციის შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრის გამართვას გეგმავენ.

როგორც განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელმა დირექტორმა “საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, მიმდინარე წლის მაის-ივლისში განხორციელებულმა გენერაციის შეზღუდვებმა დარგში მომუშავე კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიაყენა.

აქედან გამომდინარე, მაია მელიქიძის თქმით, აუცილებელია, დარგის ინვესტორებს მომავალი წლისთვის მაინც ჰქონდეთ წინასწარი ინფორმაცია, თუ რა შემთხვევაში და რა პრინციპით მოხდება გენერაციის ობიექტების გამომუშავების შეზღუდვა.

“ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან. ბუნებრივია, მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიიღო ფინანსური ხასიათის ზარალი კერძო სექტორმა შეზღუდვებთან დაკავშირებით. გვაქვს მზაობა იმასთან მიმართებაში, რომ შედგეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა უკვე პოლიტიკის შემქმნელებთან, ენერგეტიკის გუნდის წარმომადგენლებთან, გადაწყვეტილების მიმღებებთან, ვინაიდან უშუალოდ ვიმსჯელოთ ამ გამოწვევებზე სამუშაო რეჟიმში.

ვინაიდან რამდენიმე თვეში ამ პრობლემის აღმოფხვრა ძალიან რთული იქნება, სწორედ ამიტომ 2027 წელთან დაკავშირებული რისკები უნდა იყოს კარგად იდენტიფიცირებული და შესაბამისად ჰეჯირებული. იმისათვის, რომ სექტორს არ მოუწიოს ასეთ ფორსირებულ რეჟიმში კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღება და ბუნებრივია, არ მოხდეს იმ სერიოზული ზიანის მიყენება ფინანსური თვალსაზრისით, რაც შემდეგ გადაითარგმნება ტექნიკურ კომპონენტებში, რათა საბოლოო ჯამში მივიღოთ მდგრადი მდგომარეობა და ჩვენი მოსახლეობა და ასევე ბიზნესი უზრუნველყოფილი იყოს მდგრადი, უწყვეტი და საიმედო ელექტროენერგიის მომარაგებით.

არსებობს ჩამოყალიბებული გარკვეული მოდელები, რაზეც მუშაობენ ის პროფესიონალები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში არიან. ამ მოდელირების კომპონენტები და ზოგადად ეს სქემა აუცილებლად განხილულ უნდა იყოს პირველ ეტაპზე სამინისტროსთან და შემდეგ უკვე სწორედაც ამ შეზღუდვების მართვის მოდელირება უნდა გაზიარდეს კერძო სექტორთან და ერთად ვიმსჯელოთ, რომელი იქნება ოპტიმალური. ოპტიმალური, სადაც დაცული იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის ინტერესები და დაბალანსებული იქნება გენერაცია-მოხმარების მაჩვენებელი, რათა სახელმწიფომ დაიცვას თავისი ინტერესი და ამასთანავე არ დაზიანდეს ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები, ვინაიდან ინვესტორს აქვს ძალიან დიდი მოლოდინი. ყველა ინვესტორს, ადგილობრივსაც და საერთაშორისოსაც აქვს მოლოდინი იმასთან მიმართებაში, რომ მკვეთრი, მკაფიო თამაშის წესები იყოს უზრუნველყოფილი და გათვლადი, პროგნოზირებადი აუცილებლად იყოს ის მომავალი, რომელშიც ხდება თანხების ინვესტიცია სექტორის მხრიდან.

ამიტომ ეს წესები, რაზეც ჩვენ შევთანხმდებით, უნდა იყოს მდგრადი და არა ცვალებადი ყოველი წლის ჭრილში. იმიტომ, რომ სექტორისთვის მნიშვნელოვანია მედეგობა, გათვლადობა, განჭვრეტადობა და ჩადებული ინვესტიციების უკუგების პერიოდის ადეკვატურად აღქმა”, - განაცხადა მაია მელიქიძემ.

ცნობისთვის, საინვესტიციო ბანკ გალტ&თაგარტის ინფორმაციით, მაისი-ივლისის პერიოდში მოთხოვნის სიმცირის ფონზე ელექტროსადგურების გენერაციის შეზღუდვამ დაახლოებით ჯამურად 0.5 ტვტ.სთ შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები