მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დიდი ჰესების გარეშე სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ ქვეყანას არ დაემატება 2000-მდე მეგავატის დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მან ამის შესახებ „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც დებატების თემაა „უნდა აშენდეს თუ არა დიდი ჰესები საქართველოში“.

„დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა. დღესვე უნდა ვუპასუხოთ ამ შეკითხვას. ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო - კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული. როდესაც ვსაუბრობთ ჰიდროელექტროსადგურებზე, 2800 მეგავატია საპროგნოზო მაჩვენებელი, ათწლიან პერსპექტივაში, აქედან დაახლოებით 1900 მეგავატი მოდის სწორედ დიდ ჰესებზე. ყველაფერი დათვლილი გვაქვს. ამიტომ, ვამბობთ, რომ თუ არ დაგვემატება დაახლოებით 2000-მდე მეგავატის დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მით უმეტეს ვერ იქნება სტაბილურობა უზრუნველყოფილი მზის და ქარის ენერგიის ხარჯზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა საბოტაჟს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც დაუშვებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების და სხვადასხვა სექტორის ჩართულობა, თუმცა ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს საბოტაჟში. იყო შემთხვევები, როდესაც ხალხი გამოიყვანეს, უმეტესობა, დარწმუნებული ვარ, გულწრფელად გამოვიდა, მაგრამ ორგანიზებული იყო ვიღაცების მხრიდან. დაახლოებით მილიონი დოლარი გამოართვეს კონკრეტულ კომპანიას. ვიღაცას ჩაუჯდნენ წილში, ეს სამწუხაროდ დამკვიდრებული პრაქტიკაა. გამოჰყავთ ვიღაცებს ადამიანები, შეცდომაში შეჰყავთ მოქალაქეები, მათ ემოციებზე თამაშობენ, მერე უზრუნველყოფენ მათ დაშოშმინებას, რის სანაცვლოდაც იღებენ ან ფულს, ან წილებს კონკრეტულ ჰესებში. ასეთ რამეს სახელმწიფო აღარასოდეს აღარ დაუშვებს. სადაც დაცულია ობიექტურად ყველანაირი ინტერესები, აუცილებლად ყველა პროექტი განხორციელდება. ასეთ პრეცედენტებს, როდესაც ვიღაცა ვიღაცას აშანტაჟებს, წილში უჯდება, და უფრო ფართო ინტერესი აქვს - საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ამიტომ, ჩვენი მიდგომა არის ასეთი - ძალიან ფართო ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ საბოტაჟი არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული“, - განაცხადა პრემიერმა.

მან განაცხადა, რომ არსებობს მკაფიო გეგმა, რომელიც არსებულ პოტენციალს ეფუძნება.

„საუბარია სამი მიმართულებით ელექტროენერგიის გენერაციის განვითარებაზე, სისტემის გაფართოებაზე, ეს არის ჰიდრორესურსები, ქარის და მზის ენერგია. ჩვენი მიდგომის მიხედვით, დაახლოებით თანაბარი პროპორციით, ოდნავ მეტი ჰიდრორესურსებით, დაახლოებით, 2800 მეგავატის ჰიდრორესურსის დადგმული სიმძლავრე უნდა შეიქმნას შემდეგი 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით 2000 მგვტ - ქარის ენერგია, დაახლოებით 2000 მგვტ-ის მზის ენერგია უნდა იყოს ათვისებული. არსებობს ბიზნესის მხრიდანაც კონკრეტული პრიორიტეტები, ბიზნესი ხშირად არის ორიენტირებული უფრო მეტად მზის ენერგიის გამომუშავებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სწრაფად ხორციელდება შესაბამისი პროექტები, უფრო იაფი ჯდება შესაბამისი პროექტები განხორციელება. თუმცა, სახელმწიფოს ინტერესი არის სტაბილურობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ უფრო მეტად უნდა წავახალისოთ წყლის რესურსების გამოყენება, სადაც რესურსები არის საკმაოდ დიდი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ზოგადი მიდგომა - ჩვენი რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური ათვისება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, თითოეული პროექტის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა და სიღრმისეული კვლევა.

„უდავოა, რომ ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს სიღრმისეული კვლევის და ფართო ჩართულობის საფუძველზე, ეს არის მარტივი სტანდარტი, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პროექტებს ელექტროენერგეტიკის მიმართულებით და, ბუნებრივია, ამ სტანდარტით იმოქმედებს სახელმწიფო,“- აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები