მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ენერგოამნისტია” ინვესტორებისთვის - ვის შეეხება მთავრობის გადაწყვეტილება?

ენერგეტიკა

მთავრობა ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე კომპანიებს ჯამში მილიარდი ლარის ჯარიმებს პატიობს, თუმცა გარკვეული დათქმით. ხელახლა აღარ დაარღვიონ ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმები ისევ აღუდგებათ.

პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სახელმწიფო მკაცრი იქნება ახალი შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ბიუჯეტის წინაშე დაგროვილ დავალიანებების მიმართ.

"ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის, კონკრეტული დათქმით, დაკისრებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს პატიების შესახებ.

ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.

რაც შეეხება დათქმას: იმისათვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და ამასთან ერთად, აღუდგება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც", - განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ელოდება, რომ ინიციატივა ენერგეტიკული პროექტების დასრულებას დააჩქარებს.

"დათქმა ითვალისწინებს ინვესტორების მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმის სრულად აღდგენას, ისევე როგორც ახალი საურავების დარიცხვას, რომელიც დაკავშირებული იქნება, მათ შორის, შეუსრულებელ ვალდებულებასთან. ჩამოწერილი ჯარიმები სრულად უნდა მოხმარდეს ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფას დააჩქარებს", - ამბობს ქვრივიშვილი.

და მაინც ვის შეეხება ჯარიმების ჩამოწერის გადაწყვეტილება და რეალურად რამდენ პროექტზეა საუბარი.

ენერგეტიკული კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი გვეუბნება, რომ შეღავათი ორი ტიპის ინვესტორს ეხება: ერთი, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის მათ შორის, ხალხის პროტესტის გამო ჰესი ვერ ააშენეს და მეორე ისეთ კომპანიებს, რომელთაც მემორანდუმით მიღებული პირობების მხოლოდ გადაყიდვა სურდათ.

"ჯარიმების პატიების საკითხიც შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს. თავად ჯარიმების პატიების საკითხი, სადაც ერთი შემთხვევას დავარქვათ ასე არაკეთილსინდისიერი, დარგში აღმოცენებული ინვესტორი, რომელიც არ არის დაინტერესებული ვალდებულებების შესრულებით და უფრო მეტად არის დაინტერესებული ხელში ჩაგდებული პირობითი მიერთების პირობების გადაყიდვით და მეორე ნაწილი იმ ჯარიმებისგან შედგება, რომლის შესრულებაც დარგში მოღვაწე საკმაოდ რეპუტაციულმა და კეთილსინდისიერმა კომპანიებმა ვერ შეძლეს ისეთი გადაულახავი გარემოებათა გამო, რომლებიც მათ კონტროლს სცილდებოდა", - ამბობს ლაშა იორდანიშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფოსგან ეს შეღავათი ჯამში ბევრ კომპანიაზე გავრცელდება.

"დიდი უმრავლესობა იმ ე.წ. ინვესტორებისა, რომლებიც ამ დავალიანებებს აგროვებდნენ, არ არიან რეალურად ინვესტორები და არიან უბრალოდ ბროკერები, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ეს პროექტები და მერე ცდილობდნენ მათ გადაყიდვას. ამაზე ბევრჯერ იყო ლაპარაკი – მათ შორის, მინისტრთან, სხვა დეველოპერების მიერაც და ა.შ. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ამიტომ მათთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა იმისთვის, რომ ეს პროექტები მაინც განავითარონ, რამდენად სწორია ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შეიძლება სახელმწიფოს სხვა ტიპის ადმინისტრაციული პროცედურების გატარება და ნამდვილი ინვესტორებისთვის ამ პროექტების გადაცემა უჭირს და იმედი აქვს, რომ ისევ ეს ბროკერები იპოვიან ახალ შესაძლებლობებს", - აცხადებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი.

GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე გვეუბნება, რომ ჯარიმების ჩამოწერა ჯამში 140 პროექტს დადგმული სიმძლავრით 1150 მეგავატს შეეხება.

"გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა მისასალმებელია კერძო სექტორის მხრიდან. ვინაიდან იმ პროექტებს, რომლებიც განიცდიდნენ ფინანსურ სირთულეებს დაკისრებული ჯარიმებისა თუ საურავების გამო, მეორე შესაძლებლობა აქვთ. საბოლოო ჯამში საუბარია 140 პროექტზე, აქედან დაახლოებით 75% მოდის ჰიდროზე, 20% ქარზე, ხოლო 5%-ზე - ქარზე. მათი დადგმული სიმძლავრე ჯამში 1150 მეგავატა. დღევანდელი დადგმული სიმძლავრე საქართველოსი არის 4600 მეგავატი. შესაბამისად, ხედავთ რამდენად დიდია მოცულობა იმ პროექტებისა, რომლებზეც საუბარია", - ამბობს მელიქიძე.

მთავრობას სურს ენერგოკომპანიებს ფინანსური ბარიერები მოუხსნას, რომ პროექტები დაასრულონ, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობისთვის საკმარისი არ არის. არადა სახელმწიფოს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს და სურს ქვეყნის ენერგოსისტემის სიმძლავრე 2030 წლისთვის 10 ათას მეგავატამდე გაზარდოს, დღეს არსებული 4700-დან. რამდენად შესაძლებელია სისტემის გაორმაგება ამას დრო აჩვენებს, თუმცა უკვე არსებული სტატისტიკა არასახარბიელოა და მაგალითად 2022-2024 წლებში ენერგოსისტემას მხოლოდ 83 მეგავატი შეემატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები