ევროკავშირთან შეწყვეტილი მაღალი დონის შეხვედრების ფონზე საქართველოს მთავრობა ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობებს ააქტიურებს. 2025 წელს მხოლოდ პრემიერის ვიზიტი თურქმენეთში სამჯერ შედგა.
გასულ კვირეულში კი დელეგაციას თურმენეთიდან საქართველომ უმასპინძლა. პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის მასპინძელი მისი ქართველი კოლეგა იყო. შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთანაც შედგა, რომლის დროსაც მთავრობის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე ისაუბრა და თქვა, რომ თურქმენეთს საიმედო პარტნიორად განიხილავს.
"გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ვაჭრობის ზრდისა და სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, მათ შორის დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით", - განაცხადა კობახიძემ.
თურქმენეთის პრეზიდენტმა კი იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა გაღრმავდება.
"ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ ტრასეკა სატრანსპორტო დერეფანში და ჩვენ შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა ამ პროექტების ფარგლებში, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე ჩვენ ვითანამშრომლებთ სხვა მონაწილე მხარეებთან. სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას კასპიისა და შავი ზღვის პორტებზეა სუბარი ორმხრივი სარგებლის მისაღებად. ჩვენ გვინდა, რომ პარტნიორობა დამყარდეს ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო, ინდუსტრიის, წარმოების, ტექსტილის, სამშენებლო და კიდევ ბევრ სხვა სფეროში", - განაცხადა ბერდიმუჰამედოვმა.
საქართველო-თურქმენეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა მინიმალურია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2026 წლის 5 თვეში ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვამ 39 მლნ დოლარი შეადგინა. ოფიციალური მონაცემებით, იმპორტი ექსპორტს აჭარბებს, ანუ უფრო მეტს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით. იანვარ-მაისში საქართველომ თურქმენეთში 16 მლნ დოლარის პროდუქტი გაყიდა, იქიდან კი 22.6 მლნ დოლარის იყიდა.
რიცხვებს მიღმა ჩანს, რომ თურქმენეთიდან ძირითადად ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი ხდება, საქართველოს კი ხორცი და მანქანები გადის. თურქმენეთიდან შემოსული ინვესტიციები მცირეა, შარშან ინვესტიციების მოცულობა მხოლოდ 2 მლნ დოლარი იყო.თუმცა მზარდია ტურისტების რაოდენობა, შარშან საქართველოს თურქმენეთიდან 19 170 ვიზიტორი ეწვია.
ორი ქვეყნის ურთიერთობაში ძირითადად ენერგეტიკული მიმართულებით ხედავენ პოტენციალს. თურქმენეთი 14 ტრილიონი მ3 გაზის დადასტურებული მარაგებით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მას მხოლოდ რუსეთი უსწრებს, თუმცა კონტექსტი აქაც გასათვალისწინებელია. დასავლეთის ბაზრებისგან ქვეყნის გეოგრაფიულ იზოლაციას რუსეთი წლების განმავლობაში თავის სასარგებლოდ იყენებდა. რუსეთი თურქმენულ გაზს იაფად ყიდულობდა, თავად კი დასავლეთში ძვირად ყიდდა. რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად თურქმენეთმა სხვა მარშრუტებსი განვითარებაზე მუშაობა დაიწყო, მათ შორის ირანისა და ჩინეთის მიმართულებით. გაზთან შედარებით მცირეა ქვეყანაში ნავთობის მარაგი, თუმცა მურმან მარგველაშვილი ამ მიმართულებით რეალისტურ შესაძლებლობებს ხედავს.
"თურქმენეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობა არამარტო დასავლეთთან ურთიერთობის შეკვეცის ფონზე უნდა იქნეს განხილული, არამედ დამოუკიდებლადაც როგორც ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება. თურქმენეთი არის უმდიდრესი ქვეყანა ბუნებრივი გაზით, ის ასევე საკმაოდ მდიდარია ნავთობითაც. ორივე ჩვენთვის შეიძლება იყოს საინტერესო ოღონდ აქ უფრო რეალისტური ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ნავთობთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ეს იქნება ყულევის ახალ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში თურქმენული ნავთობის გადამუშავება", - ამბობს მარგველაშვილი.
თურქმენული გაზის ტრანზიტზე საქართველოს გავლით საუბარი წლებია გრძელდება. ეს საქართველოს როგორც გაზის სატრანზიტო ქვეყნის პოზიციას გაზრდიდა, ასევე სარგებელიც მოიმატევდა, მით უფრო რომ თურქმენეთის ბუნებრივი გაზის პოტენციალი აზერბაიჯანზე გაცილებით დიდია.
"უფრო სტრატეგიული და გრძელვადიანი მიმართულება შეიძლება იყოს პროექტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო განხილვაში რაც არის ტრანსკასპიური გაზის მილსადენი, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი ერთი დიდი გაზის დერეფნისა, ისეთივე როგორიც სამხრეთის გაზის დერეფანია", - გვეუბნება მარგველაშვილი.
ეკონომისტი რატი წიკლაური გვეუბნება, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები დღეს აქტიურად ცდილობენ ევროპასთან დაკავშირებას, რათა შეამცირონ დამოკიდებულება რუსეთსა და ჩინეთზე. ამ პროცესში საქართველოს კარგი მდებარეობა აქვს, თუმცა დასავლეთთან პარტნიორობის გარეშე ქვეყანა ამ შანსს დაკარგავს.
"ნებისმიერი ქვეყნის უმაღლესი პირის ვიზიტი და ეკონომიკური ურთიერთობა პოზიტიური სიახლეა. თუმცა თუ მონაცემებს შევხედავთ, საქართველოს თურქმენეთთან აქამდე ბევრი არაფერი გაუკეთებია. ყველაზე საინტერესო 2023 წელი იყო, როდესაც სავაჭრო ბრუნვამ 100 მილიონ დოლარს მიაღწია. ცენტრალურ აზიასთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა საბოლოოდ მაინც ჩვენს სატრანზიტო როლზე გადის. ჩვენ სამწუხაროდ, არ გვაქვს ისეთი ეკონომიკა, რომ მათთან სრულფასოვანი ორმხრივი სავაჭრო ბარტერი ვაწარმოოთ", - ამბობს წიკლაური.
რამდენად საიმედო პარტნიორი შეიძლება გახდეს თურმენეთი დასავლეთისთვის, რთული სათქმელია. ქვეყნის უახლესი პოლიტიკური შიდა თუ საგარეო რეალობა ერთმნიშნელოვანი პასუხის შესაძლებლობას არ იძლევა. პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი გურბანგული ბერდიმუჰამედოვის შვილია, რომელიც თურქმენეთს 15 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა. 2022 წელს ხელისუფლება მან შვილს გადააბარა, თუმცა შეინარჩუნა ფართო უფლებამოსილება და დარჩა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე.




























