მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[თურქმენეთის პრეზიდენტთან] ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობების უკეთ ათვისებაზე" - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებული შესაძლებლობების უკეთ ათვისებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივებზე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ცნობისთვის, თურქმენეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 4397 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია. გასულ წელს ჯამურად კი ამ ქვეყნიდან საქართველოში 19,170 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 2024 წელთან შედარებით 9.3%-ით მეტია.

კობახიძის თქმით, საქართველო აქტიურად ადევნებს თვალს თურქმენეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს ეკონომიკური განვითარების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებისა და სოციალური პროგრესის მიმართულებით.

„ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს თურქმენეთში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს ეკონომიკური განვითარების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაფართოებისა და სოციალური პროგრესის მიმართულებით. გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა ინიციატივებმა და პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებასა და განვითარებისათვის მყარი საფუძვლის შექმნაში. დარწმუნებული ვარ, რომ თურქმენეთი მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს ამ კურსს, განახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს და მიაღწევს შემდგომ წინსვლას თურქმენი ხალხის საკეთილდღეოდ. ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

დელეგაციებთან ერთად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი ვაჭრობის ზრდისა და სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით.

ასევე განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, მათ შორის დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები