მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ თურქმენეთთან ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმა

თურქმენეთი

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ მოაწერა.

მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თურქმენეთის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს შორის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას ითვალისწინებს.

სამინისტროს ცნობით, ეს დოკუმენტი მიზნად სამშენებლო მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების, კვლევისა და განვითარების, ინოვაციებისა და ტექნიკური რეგლამენტირების მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს.

უწყების ცნობით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს:

  • ეკოლოგიურად სუფთა და რესურსდამზოგველი ტექნოლოგიების შექმნას;
  • ახალი სამშენებლო მასალების წარმოებაში ინოვაციური სამეცნიერო-ტექნიკური გამოცდილების გაზიარებას;
  • სტანდარტიზაციის სფეროში პარტნიორობას;
  • სამრეწველო ნედლეულის ტრანსპორტირების ხელშეწყობას;
  • ერთობლივი ბიზნესფორუმებისა და სემინარების ორგანიზებას.

დოკუმენტების გაცვლის ოფიციალური ცერემონია საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქმენეთის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და თურქმენეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჯანდაცვის სფეროშიც გაფორმდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ჯანდაცვის მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო და სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტების განხორციელება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები