საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, წლის ბოლომდე მოქალაქეებისთვის გაზის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება. ამის შესახებ მან თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია Renewable Georgia 2022-ზე დასწრებისას BM.GE-სთან ისაუბრა.
სამომხმარებლო გაზის ფასის ცვლილების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ფანგანმა ისიც თქვა, რომ სემეკის მოლოდინით, მომავალი ერთი წლის განმავლობაში სამომხმარებლო გაზის ფასი სტაბილური იქნება, თუმცა ეს ვალუტის კურსზეც არის დამოკიდებული.
„წლის ბოლომდე საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება. წლის ბოლოს გეგმიურად მოხდება ყველა მსხვილი კომპანიის ტარიფის რევიზია, თუმცა გარკვეულ ცვლილებებს ჩვენ არ ველით, რადგან მეტწილად კარგი პროგნოზები გვაქვს - იმპორტირებული გაზის ფასი არ შეცვლილა. ჩვენ არ ვვარაუდობთ დამატებით ზრდას, მეტიც ვფიქრობთ, მომავალი ერთი წელიწადი ბუნებრივი აირის ტარიფებთან მიმართებით ყველაზე სტაბილური იქნება. აქ უნდა გავითვალისწინოთ როგორ შეიცვლება ვალუტის კურსი, რადგან სრულად იმპორტირებულ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული და ვალუტის კურსზე ბევრ რამეს განსაზღვრავს“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა.
სემეკის წევრმა ბიზნესისთვის გაზის მიმწოდებელი კომპანიების მხრიდან ბუნებრივი აირის გაძვირების შესახებაც ისაუბრა და განმარტა: „მომწოდებელმა კომპანია „სოკარ აზერბაიჯანმა“ საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის გაზის ფასი გაზარდა და ეს ერთადერთი მიზეზი იყო, რატომაც მოხდა ბიზნესისთვის გაზის ფასის ზრდა“.
შეგახსენებთ, რომ "თბილისი ენერჯი", „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „საქორგგაზი“ არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის, ანუ ბიზნესისთვის 1 ივლისიდან ბუნებრივი აირის ტარიფს ზრდის. ამის შესახებ განცხადებები კომპანიებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს. შესაბამისად, თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის 1 ივლისიდან გაზი 25 თეთრი გაძვირდება და ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულება 1.35 ლარი გახდება, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზრდება და კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან.