მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მშენებლობა განვადებით“ დაწყებულა - რა შენდება და რა იცის ბიზნესმა პროგრამის შესახებ?

62e42afe283ca
თელარა გელანტია
30.07.22 11:45
2479
“დღეს ვიწყებთ „განვადებით მშენებლობის“ მასშტაბურ პროგრამას. სამუშაოების დაწყება გვინდა წელსვე; გვინდა, რომ 3 წელიწადში ეს პროექტები დასრულდეს. დაფინანსების მოცულობაა 2.5-3 მილიარდი ლარი; 2 მილიარდი ლარით დავიწყებთ და ეს იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება 20,000 სამუშაო ადგილი. ბიზნესს შევთავაზებთ მოიზიდონ გარანტირებული რესურსი და ეს იქნება ახალი სამშენებლო პროექტები“, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროგრამა „მშენებლობა განვადებით“ დაწყებულად მიმდინარე წლის 18 აპრილის მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა, თუმცა როგორც ირკვევა, სამთავრობო პროექტი რეალურად მხოლოდ გუშინ დაიწყო.



„განვადებით მშენებლობის“ პროგრამის „პირველი მერცხალი“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აღმოჩნდა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, 28 ივლისს, 23 საათსა და 40 წუთზე გამოცხადდა ₾37-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის და დაბა კაზრეთის წყლის სისტემის მშენებლობის სამუშაოებს შეიძენს.

სატენდერო პირობებში დეტალურად გარკვევას BMG ჯერ საკუთარი რესურსით შეეცადა, შემდეგ კი დარგობრივ ასოციაციებთანაც გავიარეთ კონსულტაცია და ჯერჯერობით, ვთანხმდებით, რომ „განვადებით მშენებლობის“ სახელით გამოცხადებული ტენდერი ჩვეულებრივი შესყიდვისგან დიდად არ განსხვავდება - მართალია, გადახდის პერიოდი დროშია გაწერილი ანუ განვადებას ჰგავს, მაგრამ ეს დრო პრაქტიკულად ემთხვევა შესრულებული სამუშაოს ჩაბარების პერიოდს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ამ კონკრეტულ ტენდერთან დაკავშირებით BMG-მ სახელმწიფო კომპანიას წერილობითი კითხვებით მიმართა და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს: 1. რითი განსხვავდება სახელმწიფო პროგრამის - ,,მშენებლობა განვადებით“ - ფარგლებში გამოცხადებული შესყიდვა ჩვეულებრივი ტენდერისგან? 2. აღნიშნული შესყიდვის განხორციელება კომპანიას 2022 წელს ისედაც ჰქონდა თუ არა დაგეგმილი? 3. პროგრამის - „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში რომ არ გამოცხადებულიყო, ბოლნისის და დაბა კაზრეთის წყლის სისტემის მოწესრიგება უფრო იაფი დაჯდებოდა თუ არა? 4. რა სახის გარანტორად უდგება მთავრობა საუკეთესო ფასის პრეტედენტ კომპანიას საფინანსო ინსტუტუტისგან საკრედიტო რესურსის მოზიდვის პროცესში და ა.შ.

აღსანიშნია ისიც, რომ ვიდრე 28 ივლისს „განვადებით მშენებლობის“ სახელით პირველი ტენდერი გამოცხადდებოდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც ვესაუბრეთ დარგობრივ ასოციაციებს, მათ შორის საბანკო ასოციაციას და პრაქტიკულად, არავინ არაფერი იცოდა ამ პროგრამის პირობების შესახებ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა დაწყებულად ჯერ კიდევ აპრილში გამოაცხადა. თავად ეკონომიკური ბლოკის მინისტრები კი ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოზომილ პასუხებს გვცემდნენ - პროგრამის დაწყებას მტკიცედ არ ადასტურებდნენ, მაგრამ არც უარყოფდნენ.

18.07.2022 წელი. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: „განვადებით მშენებლობის“ პორგრამაზე მიმდინარეობს მუშაობა და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება კონკრეტული პროექტები მშენებლობის ნაწილში.... პროგრამა, როგორც ასეთი, უკვე დაწყებულია. ყველა თავისი მიმართულებით მუშაობს, რათა კონკრეტული პროექტების დაკონტრაქტება განხორციელდეს.

25.07.2022 წელი. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი: „განვადებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კუთხით პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. აქ მხოლოდ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ არის ჩართული; სხვადასხვა მსხვილი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელთაც რამდენიმე წლის პერსპექტივაში მსხვილი შესყიდვების დროში დაჩქარებულად შეძენა სურთ; ასეთი უფლება სამინისტროებს ინდივიდუალურად აქვთ მიცემული და ისინი სამუშაოს მიმწოდებელ პოტენციურ კომპანიებთან მოლაპარაკებებს თავად აწარმოებენ. პროცესი შეუფერხებლად მიდის. მაგალითისთვის: ჯანდაცვის სამინისტრო დევნილების ბინებით დაკმაყოფილების კუთხით მუშაობს მშენებელ კომპანიებთან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებთან. პროცესი დაწყებულია და უახლოეს პერიოდში, როდესაც იურიდიული პროცესები დასრულდება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყების მიერ, ჩვენ დავინახავთ სამუშაო პროცესს, რომელიც დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელს დაიწყება“.

გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ტენდერი 28 ივლისს, 23:40 საათზე გამოცხადდა, ბუნებრივია, პროგრამის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ სამშენებლო სექტორიდან BMG-ის რესპოდენტებს, რომელთაც მიმდინარე კვირაში ვესაუბრეთ, თუმცა გვითხრეს, რომ თავიდანვე პროექტი საინტერესო ეჩვენათ და მათი უცხოელი პარტნიორების მხრიდანაც იყო ინტერესი. ასევე, ხაზს უსვამენ იმასაც, რომ საჯარო ინფრასტრუქტურის განვადებით მშენებლობა, ლოგიკურად უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში.

გოგა კალანდაძე, „ბლექსი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: პროგრამის - „განვადებით მშენებლობა“ - დაწყების შესახებ არ მსმენია. პროექტის მიმართ ინტერესი, რა თქმა უნდა, არის, თუ გეცოდინება ადამიანს, რა უნდათ შენგან და რა უნდა გააკეთო. დღეს არის იმის საშუალება, რომ ქართულმა კომპანიებმა ევროპიდან მოიზიდონ თანხა და სახელმწიფოს დაკვეთით, შეასრულონ სხვადასხვა პროექტები. უბრალოდ, სახელმწიფოსთან კიდევ ერთხელ უნდა გავიაროთ თამაშის წესები, რაზეა საუბარი - ევროპული კომპანიები არიან დაინტერესებულები ამ პროექტით; ასევე, არის კორეული კომპანია და მათაც სურთ, ჩვენთან გამოვიდნენ კავშირზე; უბრალოდ მეტი კონკრეტიკაა საჭირო - სახელმწიფომ უნდა თქვას ცხადად, რომ ამ სფეროში ეს და ეს სჭირდება და ღიად გამაოცხადოს ინტერესთა გამოკითხვა, ვის აქვს პროგრამაში ჩართვის სურვილი და შემდეგ შეარჩიოს სერიოზული კომპანიები, რომელთაც აქვთ ბეგრაუნდი, რომ ეს საქმე გააკეთონ... რა თქმა უნდა, ამ გზით სახელმწიფოს ძვირი დაუჯდება პროექტები, რადგან ვინც მოიტანს საკუთარ ფულს, თამაშის წესებს ის სთავაზობს“.

გეგი ქელბაქიანი, კომპანია „რეფორმას“ გენდირექტორი: „მშენებლობა განვადებით“ ჯანსაღ გარემოში საინტერესო პროექტი იქნებოდა, მაგრამ დღეის მდგომარეობით - ომის შედეგების გათვალისწინებით და „კორონაგადატანილ“ სამშენებლო კომპანიებს, ვფიქრობ, გაუჭირდებათ თავისუფალი ფინანსური რესურსის მოძებნა, რომ რაღაც პროექტი განახორციელონ და შემდეგ აიღონ ფული. დარწმუნებული ვარ, ქართული სამშენებლო კომპანიების უმრავლესობას დღეს ამის რესურსი არ აქვს. არის რაღაც გამოსავალი, რომ ბანკებთან ერთად ან სხვა საფინანსო ორგანიზაციების ჩართვის მოხდეს ამის გაკეთება, მაგრამ ესეც საკამოდ რთული პროცესია და არ ვიცი... პროგრამის მოდელის შესახებ არ მსმენია; როგორც ვიცი, ბაზრის კლევები არის გამოცხადებული და სავარაუდო ღირებულებების დადგენა ხდება...

რაც შეეხება იმას, გააძირებს თუ არა „განვადებით მშენებლობა“ პროექტებს, რა თქმა უნდა, გააძვირებს სამუშაოს ღირებულებას, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ბუნებრივი პროცესია - როდესაც ბანკში სესხს ვიღებთ ადამიანები, ისიც ხომ აძვირებს სარეცხი მანქანის ღირებულებას, მაგრამ თუ დღეს გინდა სარეცხი მანქანა , უნდა იყიდო დღეს და მერე ეტაპობრივად გადაიხადო. პრაქტიკულად ესაა „განვადებით მშენებლობა“ - ჩვენ განვადებით უნდა ავუშენოთ სახელმწიფოს. მე მგონია, რომ ამის ფინანსური რესურსი ქართულ სამშენებლო კომპანიებს ნაკლებად აქვთ. თუ ბანკები დაეხმარებიან, რთული წარმოსადგენია ჩემთვის, რომ ამან დიდი მასშტაბური ხასიათი მიიღოს“.

უცნაურია, თუ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა წელს მართლა გეგმავს 2 მილიარდი ლარის ღირებულების ტენდერის გამოცხადებას, რატომ არ აქვს დეტალური ინფორმაცია პროგრამის პირობების შესახებ კერძო სექტორს.