მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ბიზნესს “განვადებით მშენებლობისთვის” იწვევს, მაგრამ პროგრამის მოდელი ჯერ არ არსებობს

625d3f6e18ad1
შოთა ტყეშელაშვილი
18.04.22 15:04
1140
“მშენებლობა განვადებით” - ასე ეწოდება მთავრობის 3-მილიარდიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები საბანკო სესხებით დაფინანსდება.

დღეს თითოეულ პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანიებს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ბიუჯეტიდან ერიცხებათ. განსხვავებულია “განვადებით მშენებლობის” პროექტი. მასში მშენებლობის დაფინანსება ხდება საბანკო სესხით, რომლის გარანტორიც საქართველოს მთავრობაა.

პროექტის დეტალების შესახებ დღეს BMG-იმ ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს დაუსვა კითხვა. როგორც მინისტრის პასუხიდან ირკვევა, “განვადებით მშენებლობის” პროექტის ზუსტი მოდელი თავად მთავრობასაც არ აქვს ჯერ შემუშავებული. ამასთანავე, მინისტრი აცხადებს, რომ გადასახადის გადამხდელებს ამ მოდელის პირობებში პროექტების დაფინანსება უფრო ძვირი არ დაუჯდებათ.

“გადასახადის გადამხელებს ზედმეტად არ მოუწევთ თანხის გადახდა. კონსულტაციები იქნება და მაქსიმალური ინფორმაცია იქნება მიწოდებული ყველა მხარისთვის აღნიშნულ პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით. ინფორმაციის მიწოდება მოხდება ყველა მხარისთვის, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ არის გადაწყვეტილებები, რომლებიც თავად ბიზნესებმა უნდა მიიღონ.

ასეთი ტიპის დაფინანსების პროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ დროის მოკლე ვადაში მივიღოთ პროექტი, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ გადასახადის გადამხდელმა ზედმეტი გადაიხადოს ამაში.

საბოლოო მოდელი მუშავდება, ძირითადი პრინციპები გავლილია და რა თქმა უნდა როდესაც გამოცხადდება შესყიდვა, იქ იქნება უკვე ნათელი და ძალიან გასაგები. შესაბამისად, ეს იქნება როგორც სატენდერო პირობებსა და შესყიდვის კონტრაქტში,”- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ახალი პროექტის შესახებ განცხადება გააკეთა პრემიერმინისტრმაც:

“დღეს ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას. სამუშაოების დაწყება გვინდა წელსვე, 3 წელში გვინდა, რომ ეს პროექტები დასრულდეს. დაფინანსების მოცულობაა 2.5-3 მილიარდი ლარი, 2 მილიარდი ლარით დავიწყებთ და ეს იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის. პროგრამის ფარგლებში შეიქმნება 20,000 სამუშაო ადგილი.

ბიზნესს შევთავაზებთ მოიზიდონ გარანტირებული რესურსი და ეს იქნება ახალი სამშენებლო პროექტები,"- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის ინფორმაციით, ამ პროგრამის ფარგლებში აშენდება "პოლიციელების ქალაქი", რომელიც 1000 ბინიან კომპლექსს მოიცავს. ასევე გარემონტდება 800-მდე საჯარო სკოლა და აშენდება 90 ახალი საბავშვო ბაღი.

საქართველოს მთავრობა “განვადებით მშენებლობის” პროექტზე მიმდინარე წლის თებერვლიდან საუბრობს, თუმცა ამ პროექტისთვის 2022 წლის ბიუჯეტში არცერთი ლარი არაა გათვალისწინებული.