მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მწვანე პასპორტზე" პირველი დეკემბრიდან იქნება ჯარიმები, თუმცა ამ დრომდე არ ვიცით რამდენი - თაბაგარი

6198c1de129f3
მარიამ ვარადაშვილი
20.11.21 13:58
1832
თითქმის ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქვეყანაში “მწვანე პასპორტის” სისტემა დააანონსა, თუმცა როგორც ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი აცხადებს, ამ დრომდე არ არის ცნობილი დეტალები რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, რა მოცულობის იქნება ჯარიმები.

ია თაბაგარის შეფასებითვე, ბიზნესთან ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო, ჯერ ყველა საკითხი უნდა იყოს სწორად დაგეგმილი, შემდეგ განხილული და ბოლოს დანერგილი.

“ზოგადად “მწვანე პასპორტების” იდეას ვეთანხმები, თუმცა, პირველ რიგში, უნდა დაიძლიოს ანტივაქსერული განწყობა ქვეყანაში. მხოლოდ რეგულაციების შემოღება საკმარისი არ არის. თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უფრო დახვეწილი და ლოგიკური. გამოცხადდა, რომ პირველი დეკემბრიდან იქნება დადგენილება და დაჯარიმდებითო. ხომ უნდა იდოს სადმე ვინ დააჯარიმებს კომერციულ ობიექტებს, დაჯარიმების პირობები და ა.შ. ვერსად ვნახე დეტალები; მხოლოდ იმას ამბობენ, დაჯარიმდები და მორჩა. ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ასეთი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ, როცა ქვეყნის ბიუჯეტი ბიზნესის მიერ გადახდილ გადასახადებზე დგას. ჯერ „ცოტა პოლიციური რეჟიმი“ შემოდის და მთავრობა კერძო სექტორს, რასაც უნდა, იმას დაუწესებს?”, - აცხადებს თაბაგარი.

ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „მწვანე პასპორტებით“ მუშაობა განსაკუთრებით რეგიონებში გართულდება, ისევ მოსახლეობის ანტივაქსერული თუ ზოგადად ბიუროკრატიული პროცედურების გამო, რაც საბოლოო ჯამში სასტუმროებს მომხმარებელს შეუმცირებს.

“შიდა ტურიზმი რეგიონებზეა დამოკიდებული. ზოგს დაეზარება ამ პროცედურის გავლა. მწვანე სერტიფიკატის აღება რთული არ არის, მაგრამ თავად მოსახლეობაში ნიჰილისტური განწყობა სუფევს. ამ მიდგომას კი არ ვეთანხმები, მაგრამ ასეთია რეალობა. ამასთან, ვფიქრობ, ლოგიკას მოკლებულია, როცა ქვეყანაში არ ითხოვენ სამედიცინო პერსონალის სავალდებული აცრას, არც სარესტორნო პერსონალის აცრას. ვიზიტორს სთხოვენ “მწვანე პასპორტს” მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყოველგვარი მწვანე პასპორტის გარეშე შესაძლებელია მოქალაქეები დაესწრონ დაკრძალვას, შევიდნენ აფთიაქებში, ბანკებში, იმგზავრომ საზოგადოებრივი ტრნასპორტით და ა.შ. შეკითხვა ისმის, რამდენად ეფექტური იქნება „მწვანე პასპორტი“? ყველას რომ შეეხოს და ამით მივიღოთ მნიშნელოვანი ეფექტი, რატომაც არა“, - ამბობს ია თაბაგარი.

ტურ-ოპერატორს კახეთში მცირე სასტუმრო აქვს. როგორც ის გვეუბნება ჯავშნების ოდენობა ისედაც შემცირებულია დაბალი სეზონის გამო და შაბათ-კვირას რამდენიმე ოთახის დატვირთვას თუ ახერხებენ.

“რეგულაციების შემდეგ არც ვიცით, რა იქნება. ვფირქობ, 10-ზე ნაკლები ოთახების მქონე სასტუმროებს, ასევე პატარა კაფე-რესტორნებს არ უნდა ეხებოდეს მსგავსი რეგულაციები სანამ არ ჩატარდება კვლევა და ცნობილი არ გახდება რამდენად რისკის შემცვლელია მცირე კომერციული ობიექტები (სადაც ადამიანების დიდი შეკრებები არ ხდება) ვირუსის გავრცელებისთვის", - დასძინა თაბაგარმა.