მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნატანები ჰესის" გზშ–ზე დავა დაიწყო, ინვესტორი მცირე ჰესების პრობლემებზე საუბრობს

61c6b4eb77f52
დავით ჯალაღონია
25.12.21 10:45
3885
გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია - "ეკო" გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში, “ნატანები ჰესის” პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე (გზშ) დადებითი დასკვნის გაუქმებას ითხოვს. ამ მიზნით ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სარჩელის ადრესატი გზშ-ზე დასკვნის ავტორი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

"ნატანები ჰესის" საპროექტო დადგმული სიმძლავრე 9 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება - 13 მილიონი დოლარი.

სარჩელში, რომლითაც ორგანიზაცია - ეკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული გარმოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, წერია, რომ ამ მცირე ელექტროსადგურმა, რომლის მშენებლობა მდინარე ნატანებზეა დაგეგმილი, შესაძლოა ხვლიკის ერთ-ერთ სახეობაზე - კავკასიურ სალამანდრაზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, რაც მოსარჩელეების თქმით, პროექტის ავტორების მიერ შეფასებული არ არის, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ასეთი ხვლიკი საპროექტო არეალში, გზშ-ს ფარგლებში კვლევის პროცესში საერთოდ არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია წერს, რომ ჰესის მშენებლობას უარყოფითი ზემოქმედება ექნება წავის საკვების შემცირებაზე და ამ მიზნით პროექტის ავტორების მიერ დაგეგმილი შემამსუბუქებელი ღონისძიებები, კითხვებს ბადებს. ასევე, სარჩელში საუბარია, რომ ჰესის მშენებლობა წყლის ხარჯს შეამცირებს, რაც ნაკადულის კალმახს საფრთხეს შეუქმნის. ამ და სხვა მოტივებით სარჩელი (სარჩელში არსებული, ზემოთ დასახელებული ჩანაწერების სრული ვერსია იხ. სტატიის ბოლოს) საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. 

"ნატანები ჰესის" პროექტის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის შეფასებით, მსგავსი შინაარსით და მიზეზებით დაწერილი სარჩელი დასტურია იმისა, რომ თუ ინვესტორი დიდ ჰესს არ აშენებს, რასაც ტერიტორიების დატბორვა მოჰყვება, ენერგოობიექტების მშენებლობის მოწინააღმდეგე ჯგუფები მცირე სადგურებთან მიმართებით უკვე სხვა მოტივებს ეძებენ. მისივე განმარტებით, პროექტის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია როგორც საჯარო განხილვების ფორმატში, ისე კარდაკარის პრინციპით მიაწოდეს და მათგან რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ აქვს.

"ჩვენი ძირითადი პრობლემები არის ის საპროტესტო ტალღები, რომელიც პირდაპირ მიზანმიმართულია ჩვენი ე.წ ეკოლოგების მიერ. "ნამახვანთან" დაკავშირებით იცით, როგორი საპროტესტო მსვლელობები იყო, რომ კაშხალი უნდა დაინგრეს და ნახევარი რიონი დაიტბოროს. ჩვენს შემთხვევაში კი, როცა კაშხალი არ შენდება და არც ხეობა იტბორება, რადიკალურად განსხვავებული ბრძოლის მეთოდია და ეს მეთოდი დასულია ხვლიკებამდე. კერძოდ, ჩვენ სასამართლოში გვიჩივიან, რომ "კავკასიური სალამანდრას" (ხვლიკის სახოება) გამრავლებას ხელი შეეშლება. ასეთი პროტესტები, რომლითაც მოსახლეობასაც გონებას უწამლავენ და ცდილობენ, გადაიბირონ და მითების კასკადი დააჯერონ, პრობლემას გვიქმნის.

როცა საჩივარი იწერება, ის განხილვაში უნდა მიიღონ, შემდეგ ეს დროში იწელება და მსგავს პრობლემებთან გვაქვს შეხება. დიდი იმედი მაქვს, ეს არ იქნება ამხელა საქმის გაჩერების მიზეზი, თუმცა გვაფერხებს", - განმარტა გიორგი მარგებაძემ.

რაც შეეხება "ნატანები ჰესის" განვითარების ეტაპებს, გიორგი მარგებაძის ინფორმაციით, კომპანია ელოდება პროექტის სამშენებლო ეტაპზე გადასვლას, როცა მიწების რეგისტრაცია და ხეების მოჭრაზე ლიცენზიის აღება ხდება, ამის შემდეგ კი ინვესტორი უკვე მშენებლობის ნებართვის მისაღებად მიმართავს ედგილობრივ მუნიციპალიტეტს. პროექტის ხელმძღვანელის განმარტებით, გარემოს დაცვითი ორგანიზაციის მიერ დაწყებული დავა, პროექტის განვითარებას არ შეაფერხებს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ გაუქმდება.

"ნატანები ჰესის" პროექტის სოციალური პასუხისმგებლობა

ინვესტორი, ჰესის მშენებლობის პარალელურად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რამდენიმე პროექტს გეგმავს, რაზეც BMG-ს გიორგი მარგებაძე ესაუბრა.

"ამ პროექტის ინვესტიცია 13 მლნ აშშ დოლარია და გარდა ამ ინვესტიციისა და 120 კაცის დასაქმებისა, სოციალურ პროექტებში 1.5 მილიონ ლარს ვხარჯავთ, რაც ყველა სფეროს მოიცავს - განათლებას, კულტურას, ინფრასტრუქტურას, სპორტს, საბავშვო ბაღისა და სკოლის რეაბილიტაციას, სარწყავი არხის რეაბილიტაციას, სპორტული დარბაზისა და ამბულატორიის მშენებლობას. გარდა ამისა, ამ მომენტში მიმდინარეობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები, რომ სოფლისთვის დამატებით შეიქმნას ფონდი და ყოველწლიურად კონკრეტული თანხების გენერირება მოხდეს ამ ფონდში, რომელსაც განკარგავს უშუალოდ სოფლის საინიციატივო ჯგუფი. ყველა სფეროს მოვიცავთ ამ სოციალური პროექტებით და ამ დროს არსებობენ ვიღაცეები, რომლებიც ხვლიკებზე ნერვიულობენ", - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.

ამონარიდები სარჩელიდან: