მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრაჰესის" ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულებები - ეკონომიკის მინისტრი

62834c5fdeae1
შოთა ტყეშელაშვილი
17.05.22 11:21
1254
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს bm.ge-ის განუცხადა, რომ “ნენსკრაჰესის” ინვესტორმა, კორეულმა კომპანია K Water-მა ვალდებულებები ვერ შეასრულა და ჰიდროელექტროსადგური ამ დრომდე ვერ ააშენა.

მინისტრის თქმით, ამჟამად მთავრობა ინვესტორთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა სახელმწიფოსთვის პროექტის პირობები გაუმჯობესდეს.

“მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საქართველოს მთავრობას გააჩნია კონკრეტული მოთხოვნები ინვესტორის მიმართ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინვესტორმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები, შესაბამისად, ვითხოვთ ინვესტორისგან ამ შემთხვევაში პირობების ცვლილებას და პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ვფიქრობ, ინვესტორები ჩვენ მოთხოვნას გაითვალისწინებენ; ამ ეტაპზე ჩვენ მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ჩვენ ამ მოლაპარაკებებს დავასრულებთ, რათა ეს პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, განხორციელდეს.

ვადები უკვე დარღვეულია, აქ ძირითადად საუბარია იმაზე, რომ თუ ჩვენ ახალ პირობებზე შევთანხმდებით, ვადებმა უნდა გადაიწიოს", - განაცხადა დავითაშვილმა.

2022 წლის 30 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა ნენსკრაჰესი, ნამახვანი და ხუდონი არა კერძო ინვესტორის საკუთრებაში, არამედ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს და ამ მხრივ ცვლილებები დაანონსა.

2015 წლის აგვისტოში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში “ნენსკრაჰესის” 280-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა “იწყებოდა”. ამ განცხადებიდან თითქმის 7 წელი გავიდა და პროექტი, როგორც ფინანსური პრობლემების, ასევე მოსახლეობის პროტესტის და პროექტის გენერალურ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო შეჩერებულია.

ბოლო მონაცემებით, "ნენსკრაჰესის" მშენებლობის დასრულების შესაძლო თარიღმა 2027 წლისთვის გადაინაცვლა.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს.

თავად "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ 2021 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის" პროექტის პროტესტის ფონზე, არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ რატომ არის ნენსკრას სადგურის მშენებლობა შეჩერებული.

280-მეგავატიანი “ნენსკრაჰესის” ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, საქართველო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) შეიძენს.

"ნენსკრაჰესის" $1 მილიარდიანი ჰიდროელექტროსადგური ვერ აშენდება, თუკი მას გრძელვადიან კრედიტებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ გამოუყოფენ. EBRD და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტებია, რომლებიც დაფინანსების საკითხს სწავლობენ. EBRD-ის მხრიდან საუბარია $214 მილიონზე, EIB-ის მხრიდან კი $150 მილიონი დოლარის სესხზე. მათ გარდა, პროექტისთვის $314-მილიონიანი კრედიტის დამტკიცების საკითხს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) სწავლობს.

პროექტის თანახმად, ნენსკრას კაშხლის სიმაღლე 125 მეტრი, სიგრძე კი 870 მეტრი იქნება. ის შექმნის 176 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს, 2.7 კმ² ზედაპირის ფართობით. მდინარე ნაკრაზე ასევე აშენდება 8.7 მ სიმაღლისა და 44.0 მ სიგრძის მცირე კაშხალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები