მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებას" საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების რაოდენობის გაზრდა სურს

646b818f12374
ინგა მურუსიძე
22.05.23 18:52
575
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი „მაუწყებლის შესახებ“, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ბორდის წევრების ზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებები განხორციელდება შემდეგ საკითხებში:

− 9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ენიჭება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან 2 კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის უფლებამოსილება.
− საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დამდგენი ჩანაწერი „არაუმეტეს 6 წელი“ იცვლება ჩანაწერით „6 წელი“.
− უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 1 ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა.

− საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება 3 წლიდან 6 წლამდე.

− იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები; კერძოდ, აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამდგენი ნორმა ყალიბდება შემდეგი სახით: გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაუწყებელში ან/და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

− საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ეძლევა იმავდროულად ეკავოს თანამდებობა/ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში.

− საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისათვის.

− იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა, კერძოდ: დღეს მოქმედი კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით; კანონპროექტის მიხედვით, იგი 2026 წლის 1 იანვრამდე დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით.

განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, დავით სონღულაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ალუდა ღუდუშაური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები