საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდა უნდა შეესაბამებოდეს ჯამში ქვეყნის ბიუჯეტს და ქვეყნის მოცემულობას, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს. დავით სონღულაშვილის თქმით, პარლამენტი ახლა სწორედ იმ ფორმულაზე მუშაობს, რის მიხედვითაც უნდა იზრდებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ქვეყნის ბიუჯეტის მოცემულობასთან და ქვეყანასთან, თუმცა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს დამოუკიდებელი.
იმისთვის, რომ საზმაუს დამოუკიდებლობა არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ზუსტად ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს პარლამენტში სამუშაო პროცესი, როცა ხდება დამუშავება, რომ დამოუკიდებლობას საფრთხე არ შეექმნას და ასევე იყოს ადეკვატური და იმ მოთხოვნებთან ადეკვატური ბიუჯეტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერირებას უდგას საჭიროებად.
ცალსახად, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა არსებობდეს ისეთი ფორმულა, რომელშიც პირდაპირ იქნება განსაზღვრული, თუ როგორ უნდა იზრდებოდეს ან როგორ უნდა დგებოდეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი და არ იყოს ვინმეს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ზუსტად ამიტომ მიმდინარეობს აქამდე არსებული ფორმულის დახვეწა, რადგან ეს ფორმულა იყო შესაბამისობაში იმ პერიოდთან და იმ მოცემულობასთან, როცა იყო მიღებული. დღევანდელ დღეს ეს ფორმულა არ არის შესაბამისი ქვეყნის ბიუჯეტთან მიმართებით, ზუსტად ამიტომ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ჯერ კიდევ ყალიბდება ფორმულა, არც ნიშნავს, რომ ერთის მხრივ საზმაუს ბიუჯეტი შედგეს ზუსტად იგივენაირად, გამოწვევებზე მორგებულად, რომელიც მათ გააჩნიათ, თუმცა არ იქნება ამოვარდნილი იმ საერთო პოლიტიკიდან, რომელიც არსებობს“,-აცხადებს სონღულაშვილი.
დღემდე საზმაუს ბიუჯეტი საქართველოს მშპ-სთან იყო მიბმული და ის ყოველწლიურად წინა წლის მშპ-ის 0.14%-ის ოდენობით განისაზღვრებოდა, თუმცა მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც დაფინანსების წესს შეცვლის და მას მშპ-ს ჩამოაშორებს.
პარლამენტში მიაჩნიათ, რომ ტელევიზიის დაფინანსება მის ხარჯებთან უნდა იყოს დაკავშირებული და არა ქვეყნის მშპ-ს ზომასთან. ამას აპროტესტებენ თავად ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებმაც 19 ნოემბერს შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საზმაუს დაფინანსების სწორი მოდელის შერჩევაზე ისინი მსჯელობას გააგრძელებენ, შესაბამისად ტელეკომპანიის დაფინანსების ცვლილების კანონპროექტის განხილვა არსებული ფორმით არ გაგრძელდება.
საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომელთან შედარებითაც საზმაუს 101-მილიონიანი დაფინანსება უფრო მაღალია:
პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 86,636,000 ლარი;
პროკურატურა - 63,200,000 ლარი;
მთავრობის ადმინისტრაცია - 27,000,000 ლარი;
საპატრიარქო - 25,000,000 ლარი;
დაზვერვის სამსახური - 21,000,000 ლარი;
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - 19,000,000 ლარი;
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - 18,000,000 ლარი;
უზენაესი სასამართლო - 17,400,000 ლარი;
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო - 15,000,000 ლარი;
სახალხო დამცველის აპარატი - 11,500,000 ლარი;
იუსტიციის უმაღლესი საბჭო - 10,560,000 ლარი;
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9,600,000 ლარი;
სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო - 8,500,000 ლარი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - 8,000,000 ლარი;
საკონსტიტუციო სასამართლო - 6,200,000 ლარი.