პარლამენტმა 81 ხმით თუთუნზე აქციზის განახევრების კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. არსებული მდგომარეობით, კგ თუთუნი 60 ლარით იბეგრება და ის 30 ლარამდე შემცირდება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის შემცირება, სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა და ადგილობრივი გადამმუშავებელი ინდუსტრიის განვითარების სტიმულირება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი აქციზიდან დაახლოებით 25 მილიონი ლარით შემცირდება.
თუთუნზე აქციზის განახევრებას ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. WHO-ს არაგადამდებ დაავადებათა პროგრამების კოორდინატორის, კახა ღვინიანიძის განცხადებით, პარლამენტში წარმოდგენილი ინიციატივა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამაც, რომელიც ინიციატივას შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ აღნიშნული ცვლილებების მიღება არ მოხდეს.
გაეროს განცხადების თანახმად, აღნიშნულმა ცვლილებები მიღების შემთხვევაში მთელ იმ მრავალწლიან სამუშაოსთან მიმართებით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რასაც საქართველომ დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია თამბაქოს კონტროლის მიმართულებით.