მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" ლობისტების მორიგი წერილი ვაშინგტონში

5eefa536d15cd
შოთა ტყეშელაშვილი
22.06.20 09:10
1323
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ, კერძოდ, კი საერთაშორისო ლობიზმის რეგულირების სააგენტომ მორიგი წერილი გაასაჯაროვა. საუბარია ქართული ოცნების ლობისტების, Hogan Lovells-ის მიერ ვაშინგტონში პარტია “ქართული ოცნების” სახელით გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც კონგრესმენების მიერ მომზადებულ სტრატეგიულ დოკუმენტს შეეხება. შეგახსენებთ, რომ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პუტინის მოკავშირე ოლიგარქად არის მოხსენიებული და ნათქვამია, რომ აშშ-მა მის წინააღმდეგ სანქციების დაწესება უნდა განიხილოს.

“ქართული ოცნების” მიერ ვაშინგტონში გავრცელებული წერილის მიხედვით, პარტია ამ შეფასებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და სტრატეგიული დოკუმენტის ჩანაწერს უსაფუძვლოს უწოდებს:

“პარტია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, საქართველო დასავლურ ალიანსს და აშშ-ს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად დაუახლოვდა. შესაბამისად, დოკუმენტში წამოჭრილი ბრალდებები არის უსაფუძვლო,” - წერია დოკუმენტში.

ამასთანავე, ლობისტების მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ნომერ პირველი ფილანტროპია და მას საქართველოში ქველმოქმედებაზე $1.5 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.

“ქართული ოცნების” ლობისტური კონტრაქტები:

2020 წლის მდგომარეობით, პარტია “ქართული ოცნება” აშშ-ში ლობისტურ მომსახურებაში ჯამში $1.2 მილიონ დოლარს იხდის და მის მიერ ორი კომპანია - Hogan Lovells-ი და DCI Group-ი არის დაქირავებული. პირველის თვიური გასამრჯელო 75,000 დოლარი ანუ წლიურად 900,000 დოლარია, მეორის კი თვეში 33,333 დოლარი და ის ოქტომბრის ბოლომდე იქნება ძალაში. რაც შეეხება მთავრობის კონტრაქტებს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაფორმებულია ჯამში $900,000 დოლარს ხელშეკრულებები ასევე ორ ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან - StrateVarious LLC-სა და Chartwell Strategy Group-თან.

აშშ-ში ლობისტური საქმიანობა მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალეა და იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე (FARA.gov) საჯარო ხდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სერვისებს ასრულებენ ლობისტები მათი დამქირავებლებისთვის. ამაში შედის მათ დაგეგმილი ღონისძიებები, გამართული შეხვედრები, ელექტრონული მიმოწერა, ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და ასევე ეგრეთ წოდებული “შეკვეთილი სტატიების” ორგანიზებაც.

კონგრესმენების მიერ მომზადებული დოკუმენტი:

ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოში დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც დასათაურებულია „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

დოკუმენტში საუბარია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გახანგრძლივდეს დეზინფორმაციის კამპანიების გამო. ამასთან კონკრესმენები წერენ, რომ ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე; და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.

„უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებიან კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქები, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მარიონეტული და დაქირავებული არმიების დახმარებით“, - წერია დოკუმენტში.

კონგრესმენები ასევე საუბრობენ საქართველო-აშშ-ის კავშირებზე.

“საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე დაამტკიცა, თუმცა სენატმა ჯერ არა, ითვალისწინებს იმას თუ როგორ შეიძლება აშშ-მა იმუშაოს საქართველოსთან ერთად რუსეთის დეზინფორმაციებთან ბრძოლაში და საქართველოს უსაფრთხოების საჭიროებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, – წერია დოკუმენტში.