ბიძინა ივანიშვილის "ქართუს" მიერ, ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ჯილდოდ დაწესებული 30 მლნ ლარი, რეალურად რეპუტაციის გათეთრების მცდელობაა - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" TI ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ქევხიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი ზოგადად ამ ტაქტიკით მოქმედებს და მაგალითად ხელოვანებისთვის წლების განმავლობაში გადახდილი ხელფასი მოჰყავს, რომელსაც ქევხიშვილის შეფასებით, არავითარი საერთო არ აქვს ქველმოქმედებასთან.
" ოლიგარქებთან დაკავშირებით, არსებობს ასეთი ტერმინი, რეპუტაციის გათეთრება ბოლო განაცხადი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის "ქართუ" ნაკრებს ჯილდოს გადასცემს, სწორედ ასეთი ნაბიჯია. ძალიან ცნობილი ამბავია, რომ რუსი ოლიგარქები იყენებენ საკუთარ აქტივებს, რომ ერთი შეხედვით საქველმოქმედო ნაბიჯები გადადგან დასავლურ ქვეყნებში ცხოვრებისას, დააფინანსონ უნივერსიტეტები, საფეხბურთო კლუბები, სხვადასხვა სპორტსმენები და ამით, გაათეთრონ რეპუტაცია. შემდეგ კი, ხალხი რომელსაც ამ ფულს აძლევენ, ბუნებრივია, რომ მათ იცავს.
რომ გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის ისტორია, ის ამით ოპერირებს მუდმივად. პოლიტიკაში მოსვლამდეც ის აქტიურად უხდიდა ხელფასს "ქართუ" ფონდის გავლით ხელოვანებს. ეს იყო შეფუთული როგორც ქველმოქმედება, მაგრამ რეალურად ეს იყო რეპუტაციის გათეთრება" - განაცხადა TI ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა.
სანდრო ქევხიშვილის თქმით, ოქსიმორონია, რომ მთავრობა ითხოვს გამჭვირვალობას მაშინ, როცა"ქართუს" ანგარიშები აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და დახურულია. ფონდი, 2019 წლიდან აღარ აქვეყნებს ანგარიშებს კანონის დარღვევით.
ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადავცემთ, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ - ₾30 მლნ-ს - ამის შესახებ "ქართუმ" განცხადება 23 აპრილს გაავრცელა.