20.იანვარი .2020 18:20

"ქართული ხიზილალა" წელიწადში 2 ტონა ხიზილალას აწარმოებს - რა გეგმები აქვს კომპანიას

views 1919
უკან

კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვადასხვა სახეობის თევზიდან წელიწადში 2 ტონამდე ხიზილალას აწარმოებს.

როგორც BM.GE-ს კომპანიის თანამდამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ განუცხადა, 2011 წლიდან დღემდე 3.8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ამ დროისთვის მათი კომპანია ხიზილალის წარმოების გარდა, რესტორან „თევზის სახლს“ და საფირმო მაღაზიასაც ფლობს.

მისივე თქმით, თევზსაშენი მეურნეობა ორი ლოკაციით, გორთან ახლოს და სოფელ კარალეთში, 17 წელია რაც მოქმედებს და მომხმარებელს სხვადასხვა სახის პროდქციას აწვდის, თუმცა ხიზილალის წარმოება ცოტა მოგვიანებით დაიწყეს.

„ვაწარმოებთ კალმახის, ორაგულის და ზუთხის ხიზილალას. პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით და გვაქვს შემოთავაზება რუსეთიდან, თუმცა ეს წინადადება ჯერ განხილვის პროცესშია. წელიწადში, დაახლოებით, 2 ტონამდე ხიზილალას ვაწარმოებთ, რომელიც მეურნეობაში არსებულ ჩვენს საფირმო მაღაზიაში იყიდება. მარცვლები მიღებულია 3-4 წლიანი სადედე გუნდებიდან, რაც განაპირობებს უმაღლეს ხარისხსა და მათ სიდიდეს. ახლა დავიწყეთ თბილისის მასშტაბით დისტრიბუცია სახლში მიტანის სერვისით; დაახლოებით, 3-4 თვეა, რაც მოთხოვნიდან გამომდინარე, ეს სერვისი ავამოქმედეთ“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

კუნკურენციაზე საუბრისას ალექსანდრე დადიანიძე აღნიშნავს, რომ ხიზილალის ბაზარზე მოთამაშეთა სიმცირის მიუხედავად, "შავი ბაზრის" მოთამაშეები მაინც არიან.

„ხიზილალის ბაზარზე კონკურენცია არც ისე დიდია, თუ არ ჩავთვლით ქაოსურად ე.წ. სარდაფებში გაკეთებულ ხიზილალას; ბაზარზე, ფაქტობრივად, ქართული ხიზილალის 3-4 მწარმოებელია. ჩვენი ხიზილალა აკმაყოფილებს ყველანაირ სტანდარტს და სერტიფიკატიც გვაქვს ამის დამადასტურებელი, თუმცა პროდუქტის ღირებულება არ აღემატება ბაზარზე არსებული დაუფასოებელი გაურკვეველი წარმოშობის პროდუქტის ფასს. 1 კგ „ქართული ხიზილალის“ შეძენა 140 ლარად შეგიძლიათ“, - განაცხადა დადიანიძემ.

„ქართული ხიზილალის“ მწარმოებლები მსოფლიო ბაზარზე დეფიციტური შავი ხიზილალის წარმოებაზეც ფიქრობენ, თუმცა ალექსანდრე დადიანიძის თქმით, ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

„გაზაფხულისთვის ველოდებით ზუთხის შავ ხიზილალას. ამ მოსავალს 10 წელია რაც ველით. საკმაოდ შრომატევადია შავი ხიზილალის გამოყვანა და დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული, თუმცა ვფიქრობთ, რომ ამ გაზაფხულზე 100 კგ-მდე შავ ხიზილალას მივიღებთ“, - განაცხადა „ქართული ხიზილალის“ თანადამფუძნებელმა.

კომპანიის გეგმები ამით არ სრულდება; როგორ ალექსანდრე დადიანიძე ამბობს, გასული წლის მაისში ბიზნეს ჯგუფმა ტურისტული მიმართულებით დაიწყო მუშაობა და მაისში მეურნეობაში რესტორანი „თევზის სახლი“ გახსნა, სადაც მისულ სტუმარს როგორც - თევზის ფართო ასორტიმენტს, ასევე ხიზილალას სთავაზობენ.

„ჩვენ შარშან გავაკეთეთ თევზის რესტორანი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა; ტურისტებს ვთავაზობთ გემრიელ შესვენებას და თონეში შემწვარ გემრიელ და რაც მთავარია, ჯანსაღ თევზს. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ გაფართოებაზე, რადგან ადგილები არ გვყოფნის; რესტორანი. დააახლოებით. 70 კაცზეა გათვლილი“, - უთხრა BM.GE-ის „ქართული ხიზილალის“ თანადამფუძნებელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა