მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ხიზილალა იმპორტულთან კონკურენციაში ადვილად შედის“ – როგორია ფასი?

ქართული ხიზილალა

კომპანიამ „ქართული ხიზილალა“ წითელთან ერთად, 2021 წელს ზუთხის შავი ხიზილალის წარმოებაც დაიწყო. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ალექსანდრე დადიანიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა, რადგან შავ ხიზილალაზე მოთხოვნა მაღალია.

„შავმა ხიზილალამ გაამართლა, ძალიან მცირე რაოდენობით გვაქვს ხოლმე და მაშინვე იყიდება. ველოდებით გაზაფხულს, როცა კვლავ გვექნება. რაც შეეხება წითელს, აქაც მშვენივრად მიდის წარმოება, მივყვებით ბაზრის მოთხოვნებს“, - ამბობს დადიანიძე.

„ქართული ხიზილალა“ გორის რაიონში სამ თევზსაშენს მართავს და წლის განმავლობაში 2 ტონა ხიზილალას აწარმოებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რეალიზება მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ხდება, რადგან ექსპორტის მიმართულებით პროცესი სწორად ვერ წარიმართა.

ალექსანდრე დადიანიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ხიზილალაზე მოთხოვნა მხოლოდ მცირედითაა გაზრდილი.

„ალბათ ცნობადობის პრობლემაა და დამატებითი მარკეტინგული სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. ქართული ხიზილალა ნებისმიერ უცხოურ ბრენდთან შედის კონკურენციაში და ფასითაც და ხარისხითაც სჯობნის ნებისმიერს. ჩვენს პროდუქციას სტაბილურად ერთი ფასი აქვს, რომელიც იმპორტულზე, დაახლოებით, 70%-ით ნაკლებია“, - ამბობს დადიანიძე და დასძენს, რომ 1 კგ. ხიზილალას ღირებულება 150-160 ლარია.

„ქართულმა ხიზილალამ“ 2019 წელს რესტორანი „თევზის სახლიც“ გახსნა, სადაც სტუმრებს როგორც ხიზილალას, ასევე თევზის ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ: „რესტორანი მას შემდეგ გაფართოვდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული თევზის რესტორანია საქართველოში. ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის, მათ შორის უამრავი უცხოელი ტურისტიც“.

კომპანიამ აკვაკულტურის მეურნეობა ჯერ კიდევ 2003 წელს, თუმცა ხიზილალას წარმოება მოგვიანებით - 2011 წლიდან დაიწყო. „ქართული ხიზილალა“ ამ დრომდე სტაბილურად 70 ადამიანს ასაქმებს, თუმცა, სეზონიდან გამომდინარე, ზოგჯერ ეს რიცხვი იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები