მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვითარდება საქართველოში აკვაკულტურა? - ბიზნესები გამოწვევებზე საუბრობენ

6422f5b314fda
მარიამ იზორია
30.03.23 01:00
753
საქართველო თევზის მოხმარების კუთხით იმპორტზეა დამოკიდებული. ამას მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოში თითქმის 30 ტონა ცოცხალი თევზი შემოვიდა, რისთვისაც ქვეყანამ 196 ათასი დოლარი გადაიხადა. რაც შეეხება გაყინულ თევზს, აქ იმპორტისთვის 16 000 ტონაზე მეტი გაყინული თევზის შესაძენად 35 მლნ დოლარი გავიდა.

საქართველოში აკვაკულტურის დარგი ნელი ტემპით ვითარდება. ადგილობრივი სანაშენე მეურნეობები თევზზე გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ და ვერც იმ გამოწვევებს უმკლავდებიან რაც სექტორში არსებობს.

აკვაკულტურის ასოციაციაში ამბობენ, რომ მთავარი პრობლემა იმ სერვისებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობაა, რაც ფერმერებს თევზის მოშენებისთვის სჭირდებათ. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში არც თევზის საკვები იწარმოება, იმპორტზე დამოკიდებულ მეურნეობებს კი საკვები მუდმივად უძვირდება. ასოციაცია „ფორეჯის“ ხელმძღვანელი BM.GE-სთან ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოების წილი დღეს ბაზარზე არსებული პროდუქტის მხოლოდ 2%-ს შეადგენს.

„მხოლოდ სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯები დარგს ვერ განავითარებს, არც მხოლოდ ფერმერის მონდომება იქნება საკმარისი თუ იმ სერვისებზე არ იქნება ხელმისაწვდომობა, რაც ხელეწიფება სახელმწიფოს, მაგალითად ეს არის ლაბორატორია და შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც თევზის სწორ წარმოებაში დაგვეხმარებიან

მომდევნო 10 წელიწადში თუ ადგილობრივი წარმოებით იმპორტის 50%-ს მაინც ჩავანაცვლებთ, ეს ძალიან კარგი მიღწევა იქნება საქართველოს აკვაკულტურაში,“ - აღნიშნავს ასოციაციის ხელმძღვანელი სოფო დიასამიძე.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, შავი ზღვის აკვატორიაში აკვაკულტურის ფერმების მოწყობისთვის 10 ლოკაცია გამოიყოფა. მიზანი აკვაკულტურის ფერმების მოწყობა და თევზის წარმოების ზრდაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლებით, ფერმებში წარმოება 50 000 ტონამდე ივარაუდება.

აკვაკულტურის ფერმებისთვის ლოკაციების გამოყოფა წარმოებას ნამდვილად წაახალისებს, თუმცა ის გამოწვევები, რაც ამ დროისთვის სექტორში დგას დარგს მნიშვნელოვნად აფერხებს. კომპანია მარიკულტურას დამფუძნებელი, რომელიც კვარიათში მიდიებისა და ხამანწკების წარმოებით არის დაკავებული აღნიშნავს, რომ წარმოებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად არ არსებობს. სწორედ ამის გამო აკვა-ფერმიდან პროდუქტის გამოტანა ვერ ხერხდება.

მისივე განმარტებით, მთავარი გამოწვევა კანონმდებლობის არ არსებობაა, კანონის რომელიც ფერმებს წარმოებული ზღვის პროდუქტის მოპარვისგან დაიცავს.

მარიკულტურა ამჟამად 20 ტონამდე მოლუსკს აწარმოებს, მას სახელმწიფოს მიერ 75 ჰექტრის ფართობი აქვს გადაცემული, საიდანაც გამოწვევების ფონზე მხოლოდ 2 ჰექტრის ათვისებას ახერხებენ, მაშინ, როცა წარმოებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს.

„აჭარის მთავრობა არ არის დაინტერესებული, რომ ზღვაში ფერმები მუშაობდნენ, მათ მარტო ტურისტული შენობების აგება აინტერესებთ, მაგრამ ტურისტებს საკვები უნდათ, ისინი ითხოვენ ცოცხალ თევზს, მოლუსკებს და ზღვის პროდუქტებს, ამაზე არ ფიქრობენ.

რაც ჩემზე დამოკიდებული იყო ყველაფერი გავაკეთე. ქარხანაც ავაშენე და ა.შ. მაგრამ პროდუქტის ამოსაღებად სპეციალური ინფრასტრუქტურაა საჭირო. ამის არ არსებობის გამო პროდუქცია იკარგება, ხან ტალღებს მიაქვს, ხან იპარავენ,“ - ამბობს მამუკა მიქაშავიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები