ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯის" თავმჯდომარის შეფასებით, აკვაკულტურის დარგი იზრდება, წარმოება დასტაბილურდა, რასაც თევზზე გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს. ამის შესახებ BMG-სთან სოფო დიასამიძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.
აკვაკულტურა საქართველოში ბოლო წლებია ვითარდება, თუმცა ნელი ტემპით. საქსტატის მიხედვით, 2023 წელს აკვაკულტურის მეურნეობების 90% ოჯახური მეურნეობაა და მხოლოდ 10% წარმოადგენს საწარმოებს. გასული წლის მდგომარეობით, აკვაკულტურის მეურნეობებს ქვეყნის მასშტაბით 7,1 ჰექტარი უჭირავს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი აკვაკულტურის მეურნეობა კახეთის რეგიონში მდებარეობს. მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული გასული წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში თევზის წარმოება 15%-ით შემცირდა და გასულ წელს მხოლოდ 2 469 ტონა თევზი აწარმოა ქვეყანამ.
ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია "ფორეჯის" თავმჯდომარე ოფიციალური სტატისტიკისთან შედარებით განსხვავებულ ტენდენციაზე საუბრობს.
„2023 წელთან შედარებით, პირიქით, ბევრი საწარმო გვინახავს, რომლებიც მუშაობენ და აგრძელებენ საქმიანობას და პირიქით დიდი შემართებით არიან, რომ წარმადობა გაზარდონ. იგივე სახმელეთო მეურნეობებზე შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი საწარმოა, რომელიც ახლად გაიხსნა და ბევრმა საწარმომ, რომლებიც წინა წლებში გაჩერებული იყვნენ, ახლა დაიწყეს მუშაობა და განაახლეს სამეურნეო საქმიანობა. ეს მიგრირების პროცესმა განაპირობა. რუსეთის, უკრაინის მოქალაქეებს საკმაოდ მაღალი კულტურა აქვთ თევზის მოხმარების და შესაბამისად მოთხოვნა გაზრდილია. ამან განაპირობა წარმოების დასტაბილურება მეტ ნაკლებად, ვიდრე შემცირება“, - აცხადებს სოფო დიასამიძე.
დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ თევზის წარმადობის ზრდის პოტენციალი არსებობს, თუმცა ამისათვის ქვეყანაში რამდენიმე გადამმუშავებელი ქარხანა უნდა ფუნქციონირებდეს. იმის გამო, რომ სათევზე მეურნეობები ძირითადად სეზონურად მუშაობენ, ბაზარზე თევზის 97% იმპორტირებულია.
„უნდა იყოს რამდენიმე თევზის გადამმუშავებელი საწარმო, რომ ფერმერმა შეძლოს წლის განმავლობაში სტაბილურად წარმოება. ჩვენ მხოლოდ დამოკიდებული ვართ ტურისტულ სეზონზე და ასევე მიგრირებამ დაასტაბილურა მეტ-ნაკლებად თევზის ბაზარი“, - აცხადებს დიასამიძე.
საქართველო ძირითადად თევზის იმპორტზეა დამოკიდებული. გასულ წელს ქვეყანაში 9,6 მილიონი დოლარის ღირებულების 1238 ტონა ახალი ან გაცივებული თევზის იმპორტი განხორციელდა. 15 485 ტონა გაყინული თევზის იმპორტის ღირებულებამ კი 34,5 მილიონი დოლარი შეადგინა.