საქართველოში თევზისა და წყლის სხვა ორგანიზმების წარმოების პოტენციალი მხოლოდ ნაწილობრივაა ათვისებული. ამის შესახებ აპრილში სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ისაუბრა და ამასვე ადასტურებს „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიში, რომელშიც საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობების მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციაა თავმოყრილი.
კვლევის თანახმად, 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში აკვაკულტურის მეურნეობების 90% ოჯახურ მეურნეობებზე მოდის, 10% კი საწარმოებზე და ეს თანაფარდობა 2019 წლის შემდეგ არ შეცვლილა. შესაბამისად, საქართველოში წარმოებული თევზის 61% სწორედ საოჯახო მეურნეობებიდან მოდის.
„საქსტატის“ ცნობით, რეგიონებიდან აკვაკულტურის მეურნეობების ყველაზე დიდი წილი სამეგრელო-ზემო სვანეთზე მოდის (24.2%), სიაში მეორე ადგილს კახეთი იკავებს (22.6%), მესამეს კი - შიდა ქართლი (19.5%)
რაც შეეხება თევზის წარმოებას, საქართველოში 2022 წელს 2 791.7 ტონა თევზი აწარმოეს, რაც 2021 წლის მონაცემებს 69,4 ტონით ჩამორჩება. ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით ორაგულისებრთა თევზი იწარმოება, რომელთა უდიდესი ნაწილიც, 1 316.7 ტონა ცისარტყელა კალმახზე მოდის.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი თევზი კახეთსა (985,5 ტ.) და შიდა ქართლში (928.7 ტ.) მოდის და მსგავსი ტენდენცია წლების განმავლობაში ნარჩუნდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ კახეთში 2022 წელს, 2021-თან შედარებით, წარმოება 86,3 ტონით შემცირდა.