მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმედია, 2026-2028 წლების პერიოდში, EU-ს ბაზარი აკვაკულტურაში წარმოებულ თევზსაც გაეხსნება - დიასამიძე

აკვაკულტურა

EU-მ საქართველოში გაცემული თევზჭერის სერტიფიკატი აღიარა - ამის შესახებ ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ თავმჯდომარემ, სოფო დიასამიძემ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული აღიარება ევროკავშირის ბაზართან დაახლოებასა და თევზის წარმოების განვითარებას ხელს შეუწყობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველი თევზის მწარმოებლები თევზჭერის მეთოდოლოგიას, ტექნოლოგიებს მნიშვნელოვნად დახვეწენ, რასაც ბაზარი ითხოვს ხოლმე. ეს რა თქმა უნდა კონკურენციას გაზრდის და დარგის განვითარებას ხელს შეუწყობს.გარდა ევროპული ბაზრისა, შიდა ბაზარზეც კონკურენცია გაიზრდება.

შედარებით მარტივია თევზჭერაში სერტიფიკატის აღიარება და მიღება, ვიდრე აკვაკულტურის დარგში, რადგან ბუნებაში მოპოვებული თევზი უკვე აკმაყოფილებს სტანდარტებს, როგორცაა თევზის ზომა და ა.შ. სერტიფიკატის აღიარებამ კი განაპირობა ის, რომ ევროპის ბაზარზე თევზის შეტანის ბარიერები მოხსნილია. თუმცა, ეს რთულია აკვაკულტურაში წარმოებული თევზის შემთხვევაში, რომელმაც შესაბამისი ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტები და კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, რომელიც თევზის ჩასმის მიკვლევადობას, სიმჭიდროვეს, მეტიკამენტების სწორი გამოყენებასა და ა.შ. მოიცავს.

იმედია, 2026-28 წლების პერიოდში, ჩვენ აუცილებლად გვექნება იმის საშუალება, რომ არა მხოლოდ შავ ზღვაში დაჭერილ თევზს, არამედ აკვაკულტურაში გამოყვანილ თევზსაც ჰქონდეს ევროპის ბაზარი გახსნილი. ჩვენ ამის დიდი პოტენციალი გვაქვს, თუნდაც ხარისხობრივად. თუმცა, ამას სჭირდება დახვეწა, იგივე ლაბორატორიების ამოქმედება, ამ წარმოების სერტიფიცირება და ა.შ.“ - აცხადებს დიასამიძე.

მისი თქმით, გზა, რომელსაც საქართველო ახლა გადის, ყველა იმ ქვეყანამ გაიარა, რომელიც ევროპულ ბაზარზე შევიდა. როგორც ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, ამჟამად ქვეყანა გარდამავალ ეტაპზეა, რადგან ფერმერები კანონის ჩარჩოში უნდა მოექცნენ. თუმცა, აღნიშნულ პროცესებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს აკვაკულტურის შესახებ კანონი, რომელიც ჯერ კიდევ 2023 წელს გამოიცა.

„რაც მთავარია რეგულაციების შემოღება დავიწყეთ და სახელმწიფოს მხრიდანაც არის ხელშეწყობა, რომ ამ ჩარჩოში ფერმერი ეტაპობრივად, უმტკივნეულოდ გადავიდეს. ჩვენს ქვეყანაში 5 ლიცენზიანტი კომპანია მუშაობს, რომლებიც მათ დარგში რაც პრობლემური საკითხია, ცდილობენ მოაგვარონ. ეს აღიარებული სერტიფიკატი კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მისცემს მწარმოებლებს, რომ ამ მიმართულებით გაცილებით მეტი გააკეთონ, ვიდრე აქამდე,“- განაცხადა სოფო დიასამიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები