Visual capitalist-მა იმ ქვეყნების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც მსოფლიოში თევზის ყველაზე მსხვილი მწარმოებლები არიან. რეიტინგში საქართველო 59-ე პოზიციაზეა. ქვეყნის 2021 წლის წარმოებამ 220 365 ტონა შეადგინა.
სტატისტიკის მიღმა, საინტერესოა, როგორ ვითარდება თევზის წარმოება ქვეყანაში, რამდენად კარგი შედეგია ეს მოცულობა და რა პრობლემებია დარგში - bm.ge თემაზე ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის “ფორეჯის” თავმჯდომარეს ესაუბრა.
როგორც ის აღნიშნავს, პანდემიის პერიოდში, მაშინ, როცა ქვეყანაში ტურისტები აღარ იყვნენ, წარმოება 45%-ით შემცირდა, თუმცა შემდგომმა გაზრდილმა მიგრაციამ პროდუქტზე მოთხოვნა კვლავ გააჩინა. შესაბამისად, ბოლო წელიწად-ნახევარია, რაც კალმახის მოშენების ტენდენცია გაჩნდა და, მათ შორის, ოპერირება განაახლეს ისეთმა მეურნეობებმა, რომლებსაც წარმოება შეჩერებული ჰქონდათ.
“სააგენტოს მიღებული აქვს ზღვაში ზომიერების შესახებ გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ ზღვაში კალმახის მოშენება უნდა დაიწყოს, ეს პრაქტიკა ჩვენს მეზობელ თურქეთშიც არსებობს. ვფიქრობ, რომ ახლა ადგილობრივი წარმოების ზღვაში ჩასასმელი მასალა უნდა იყოს და ბოლო 2-3 წელში ველოდებით თევზის წარმოების ზრდას საქართველოში.
აკვაკულტურა საქართველოში კუს ნაბიჯებით ვითარდებოდა, ბოლო 2-3 წელია, რაც ის გააქტიურდა” - ამბობს სოფო დიასამიძე.
განვითარების მიუხედავად, დარგში გამოწვევები კვლავ რჩება. ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ფერმერები თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე უნდა გადავიდნენ. ამ პროცესს დაეხმარება აკვაკულტურის შესახებ კანონიც, რომელიც ერთი მხრივ ფერმერებს ავალდებულებს ჯანსაღი პროდუქტი აწარმოონ, მეორე მხრივ კი სახელმწიფოა ვალდებული ფერმერისთვის რესურსებზე ხელმისაწვდომობა გაზარდოს.
“აკვაკულტურის შესახებ კანონით ფერმერს ვავალდებულებთ ჯანსაღი პროდუქტი აწარმოოს. მე როგორც ფერმერი გეტყვით, რომ თუ სახელმწიფო ჯანსაღი პროდუქტის წარმოებას მავალდებულებს, მჭირდება ხელმისაწვდომი რესურსი, როგორც არის იხტიოპათოლოგია, თევზის დაავადებების კონტროლი, მართვა და ა.შ.
ფერმერმაც და სახელმწიფომაც ერთ ზოლზე უნდა ვიაროთ, ისე რომ ცდომილება არ მოხდეს. მარტო ფერმერის კისერზე არ უნდა გადავიდეს ყველაფერი და სახელმწიფომაც უნდა გამართოს ის ინფრასტრუქტურა, რაც ფერმერს ხელს შეუწყობს აკვაკულტურის პროდუქციის სწორ წარმოებას” - განმარტავს “ფორეჯის” თავმჯდომარე.