მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წლების განმავლობაში დარგი უკონტროლო იყო" - ბიზნესი აკვაკულტურის სექტორში დადებით ცვლილებებს ელის

64b15863a8c5d
ნინო ტაბატაძე
14.07.23 18:59
844
ყველაზე აქტიური წელი აკვაკულტურაში 2023 წელია - ბიზნესი სექტორში დადებით ცვლილებებს ელის.

როგორც „საქმის კურსში“ სტუმრობისას ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ დამფუძნებელი სოფო დიასამიძემ განაცხადა, წლების განმავლობაში დარგი სრულიად უკონტროლო იყო, 2023 წლის 1-ელი მარტიდან კი, "აკვაკულტურის შესახებ” კანონი ამოქმედდა, რაც ბიზნესს უჩენს განცდას, რომ თამაშის ახალი წესები აკვაკულტურის სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„13 წელია ამ სექტორში ვარ და ასეთი იმედიანი ასეთი იმედიანი აკვაკულტურის მიმართ არ ვყოფილვარ. საკმაოდ დატვირთულია 2023 წელი სექტორისთვის. შავ ზღვაში გამოიყო 8 ლოკაცია, სადაც უნდა განვითარდეს მარიკულტურა და ეს არის საკმაოდ იმედის მომცემი, რომ პარალელურად განვითარდება სახმელეთო მეურნეობებიც, აუცილებელი იქნება ლაბორატორიების არსებობაც. მთელი სამეწარმეო ჯაჭვი უნდა აეწყოს და იქნება დაინტერესება, რომ ამ დარგს გაცილებით სერიოზულად მოვკიდოთ ხელი“, - ამბობს სოფო დიასამიძე.

სექტორში დღეს არაერთი გამოწვევაა: იქთიოლოგების ნაკლებობა, დაბალი ხარისხის ქვირითი, ძვირადღირებული საკვები, დაავადებების გავრცელება და დაბალი მწარმოებლურობა.

მათ შორის, დაავადების გავრცელება ერთდროულად საფრთხეს უქმნის არა ერთ, არამედ რამდენიმე მეურნეობას. თევზის მეურნეობები ძირითადად, მდინარეებზე და მათ შენაკადებზეა მოწყობილი და არ არიან აღჭურვილი საფილტრაციო სისტემებით. შედეგად, თევზის დაავადებების გავრცელება ხდება მდინარეებშიც და ამ მდინარეზე მოწყობილ სხვა თევზის ფერმებშიც.

„ფორეჯის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „აკვაკულტურის შესახებ კანონი“ ფერმერების ავალდებულებს აკონტროლოს თევზის ჯანმრთელობა საკუთარ მეურნეობებში, რაც ხელს შეუწყობს დაავადებების უკონტროლო გავრცელებას, რაც დღეისათვის ქვეყანაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

„თუ სახელმწიფო დამავალდებულებს, რომ ვაკონტროლო თევზის ჯანმრთელობა, მაშინ ივალდებულებს საკუთარ თავსაც, რომ ეს სერვისი ხელმისაწვდომი იყოს ქვეყანაში, რათა ფერმერმა შევძლო ლაბორატორიაში მისვლა და იმ სერვისის მიღება, რომელიც დაავადების მართვაში უნდა დამეხმაროს. ალბათ რამდენიმე წელი დასჭირდება, რომ ყველა საკითხი თავის ადგილზე დალაგდეს“, - ამბობს სოფო დიასამიძე.

ამჟამად, საქართველოში თევზის წარმოება კვლავ ფრაგმენტულია და საწარმოო დონეზე განუვითარებელი რჩება. “საქსტატის“ მონაცემებით, აკვაკულტურის სექტორის 90% ფერმერულ მეურნეობებზე მოდის და ეს სტატუს-კვო წლებია არ იცვლება. გასულ წელს ქვეყნის ტერიტორიაზე ტბორებსა თუ წყალსატევებში წარმოებული თევზის 61% სწორედ ოჯახურ მეურნეობებში იყო წარმოებული და თუ არ ჩავთვლით ზუთხისებრთა სახეობას, სადაც წარმოებული პროდუქციის 93% საწარმოებზე მოდის, ბაზარზე  თევზის მთავარი მიმწოდებლები საოჯახო მეურნეობები არიან.

2022 წელს საქართველოში თევზის წარმოება შემცირდა. გასულ წელს, ჯამურმა წარმოებამ 2 792 ტონა შეადგინა, რაც 69 ტონით ნაკლებია 2021 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე. თევზებს შორის ყველაზე გავრცელებული სახეობაა "ცისარტყელა კალმახი". წარმოების უდიდესი წილი 92% სწორედ, ორაგულისებრთა და კობრისებრთა ოჯახის თევზის წარმოებაზე მოდის.

საქართველოში წარმოებული თევზი

„ცისარტყელა კალმახი“ 1 316 ტონა
კობრი და სარკისებური კობრი - 572 ტონა
თეთრი და ჭრელი სქელშუბლა - 410 ტონა
თეთრი ამური - 232 ტონა
ზუთხისებრნი - 178 ტონა
ლოქოსებრნი - 32 ტონა


სად იწარმოება ყველაზე დიდი რაოდენობით თევზი ?

კახეთი 985 ტონა
შიდა ქართლი - 928 ტონა
გურია 227 ტონა
სამეგრელო-ზემო სვანეთი 168 ტონა
სამცხე-ჯავახეთი 138 ტონა
იმერეთი 123 ტონა
აჭარა 112 ტონა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თევზის მოხმარება დაბალია, ადგილობრივი წარმოება მოთხოვნას მაინც ვერ აკმაყოფილებს. საკმაოდ მაღალია იმპორტის მაჩვენებელი. მაგალითად, 2022 წელს თითქმის 19 ათასი ტონა თევზის იმპორტი მოხდა, რისთვისაც ქვეყნიდან 48 მლნ დოლარი გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები