მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაიზარდოს წლიური წარმოება მინიმუმ 5-ჯერ" - საქართველომ ეროვნული აკვაკულტურის სტრატეგია დაამტკიცა

აკვაკულტურა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული “საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია” დამტკიცდა - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრატეგიის მთავარი მიზანი საქართველოში აკვაკულტურის წლიური წარმოების მინიმუმ ხუთჯერ ზრდაა.

"სტრატეგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო საბაზრო პოტენციალის გათვალისწინებით, “წარმოების იმ სახით გაზრდა, რომ სულ მცირე, დაკმაყოფილდეს ადგილობრივი მოთხოვნა და ამჟამინდელი წლიური წარმოება გაიზარდოს მინიმუმ ხუთჯერ”. აკვაკულტურის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მიზანი, მისია და ხედვა ასევე ეფუძნება გაეროს გლობალურ მიზნებს, ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტებსა და მწვანე შეთანხმების ფარგლებში გამოკვეთილ ხედვას. შესაბამისად, აღნიშნული ინდუსტრიის გაუმჯობესების გზა სურსათის უვნებლობის, ეკოლოგიური, სოციალური, და ეკონომიკური მდგრადობის საერთაშორისო პრინციპების მიხედვითაა შედგენილი", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რას გულისხმობს სტრატეგია

საქართველოს აკვაკულტურის სტრატეგიას ოთხი ძირეული მიმართულება აქვს: რეგულარიზაციის პროცესი, სივრცითი ანალიზის გამოყენება აკვაკულტურის მართვაში, გარემოსდაცვითი ინსტრუმენტები და წყლის ცხოველთა ჯანმრთელობა და სურსათის უსაფრთხოება.

რეგულარიზაცია გულისხმობს სამთავრობო და კანონმდებლობის დონეებზე აკვაკულტურის ინდუსტრიისთვის სამართლებრივ და მმართველობითი სისტემის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ეფექტური ადმინისტრაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებას. შედეგად, აკვაკულტურის სტრატეგიის განხორციელებისას შესაძლებელი იქნება ახალი და არსებული სუბიექტების რეგულარიზაცია ლიცენზირების მეშვეობით.

საზღვაო და კონტინენტური ზონების სივრცითი დაგეგმარება აკვაკულტურის მოწესრიგებული და მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების დასახვეწად, სტრატეგიული დოკუმენტი მიზნად ისახავს ევროპულ და გლობალურ დონეზე შემუშავებული. ინსტრუმენტების - აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონები (AZA) და აკვაკულტურის მართვის ზონები (AMA), დანერგვას.

ეროვნული სტრატეგიის გარემოსდაცვითი ნაწილი მიზნად ისახავს კვაკულტურასა და გარემოს შორის ურთიერთქმედების ბალანსის უზრუნველყოფას, რაც აღნიშნული ინდუსტრიის საქმიანობის მდგრადობას განაპირობებს ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც.

წყლის ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც აკვაკულტურის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. სტრატეგია გულისხმობს აკვაკულტურის ინდუსტრიაში სანიტარული დონის გაუმჯობესებასა და აკვაკულტურაში ცხოველთა ჯანმრთელობის გეგმის შემუშავებას. ამ გეგმის მიხედვით, აუცილებელია განათლების შესაძლებლობების, სამეთვალყურეო და დიაგნოსტიკური მომსახურების გაძლიერება, ბიოუსაფრთხოებისა და დაავადებებზე გადაუდებელი რეაგირების უნარის გაძლიერება და ვეტერინარულ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

"დოკუმენტი შემუშავდა ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. არაერთ აქტივობასთან ერთად, შეიქმნა შეფასებითი ანგარიშები, მიმოხილვები და კვლევები, რომ აკვაკულტურის კომპლექსური სექტორისთვის მდგრადი და მოქმედი სტრატეგია განვითარებულიყო", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები