მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაჭის ხუთ დასახლებასთან საავტომობილო კავშირის აღდგენას დაახლოებით 1 თვე დასჭირდება"

5f22c620b2568
ვიქტორია მღებრიშვილი
30.07.20 17:27
1226
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვარაუდით, დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება ხუთ დასახლებასთან საავტომობილო კავშირის აღდგენას, - ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა რაჭაში, სტიქიისგან დაზარალებული ზონის მონახულებისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, მანამდე კი მუშაობა გაგრძელდება ყველგან, სადაც შიდა საუბნო გზებისა და წყალგაყვანილობის სიტემების რეაბილიტაციაა საჭირო.

"გვრჩება რამდენიმე სოფელი: დიდი და პატარა ღები, შოვი, გლოვა და ჭიორა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ არც მატერიალური რესურსის პრობლემა გვაქვს, არც ტექნიკის და არც კონტრაქტორების, მაგრამ ჩაწყვეტილი გზების რამდენიმე მონაკვეთთან ჯერ ფიზიკურად ვერ მივდივართ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ორდღიანი სამუშაოების შედეგად, დროებითი შემოვლითი გზების საშუალებით, ოთხ სოფელთან კავშირი აღდგენილია და ორშაბათისთვის დამატებით ორ სოფელთან მიმოსვლის აღდგენა იგეგმება.

„ინტენსიური სამუშაოების შედეგად ავარიულ რეჟიმში შევძელით ონის წყალმომარაგების აღდგენა. ბუნებრივია, გზებზე ჩაწყვეტილი მონაკვეთების რეაბილიტაციის შემდეგ, შეუფერხებლად მოხდება წყლის მიწოდება. აუცილებლობის შემთხვევაში, ვერტმფრენებით ვემსახურებით ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს. პარალელურად, მუშაობენ სპეციალისტები და გეოლოგების დასკვნის მიხედვით, გადაწყდება რამდენიმე სახლის საკითხი, რომელთა სიახლოვეს წყლის ნაკადი გადის. შესაძლოა საჭირო იყოს ამ სახლების გამაგრება ან რამდენიმე ოჯახის გასახლება სამომავლო რისკების თავიდან აცილების მიზნით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.