მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბუნებრივი კატასტროფების მონიტორინგის სისტემები საკმარისი რაოდენობით არ გვაქვს - გეოლოგი

შოვი სტიქია

მსგავსი ბუნებრივი მოვლენების პრევენცია კლიმატის ცვლილების და სხვა მოვლენების გამო რთული, მაგრამ შეუძლებელი არ არის, - ამის შესახებ  გეოლოგი ლაშა სუხიშვილი შოვში განვითარებული მოვლენების პრევენციაზე საუბრისას აცხადებს. 

მისი თქმით, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის ერთ-ერთ გზად მიჩნეულია მონიტორინგის სისტემები, რომელიც ჩვენს ქვეყანას საკმარისი რაოდენობით არ აქვს.

„პრევენციის ერთ-ერთი გზაა მონიტორინგის სისტემის მონტაჟი და მათი სწორი მომსახურება, რაც გულისხმობს თავის თავში მომზადებულ კადრებსაც, რომელსაც შეუძლია სწორი ანალიზი გაუკეთოს მონაცემებს. ამ მონაცემების საფუძველზე უნდა ხდებოდეს ადრეული შეტყობინების და სასიგნალო სისტემების აწყობა/მომსახურება. მარტო შოვზე არ ვსაუბრობ. ამ სისტემის უზრუნველყოფა და მომსახურება თბილისიდან შეუძლებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს ინსტიტუციური დეცენტრალიზაცია.

რეგიონული ცენტრები უნდა არსებობდეს, რომლებიც თავიანთ რეგიონებს მოემსახურებიან. ანუ მივდივართ იქამდე, რომ კადრებიც უნდა არსებობდეს რეგიონებში, რომლებიც უნივერსიტეტებმა უნდა მოამზადონ. ძალიან მსხვილი პრობლემაა იმდენად, რომ დღემდე ვერ მივედით მის გადაწყვეტამდე.

ალბათ უნდა დაიწყოს მუშაობა ნელ-ნელა, საფეხურ-საფეხურ იმ ელემენტარულ დონეზე, რომლის გაკეთებაც შესაძლებელია და გამოსაგონებელი არაფერი არის. მონიტორინგის სისტემები არსებობს და უბრალოდ საჭიროა დაინერგოს.

სავარაუდოდ, რაჭის ტერიტორიაზე ასეთი სისტემები არსებობს, მაგრამ შოვის მიდამოებში რამდენად აყენია, ინფორმაცია არ მაქვს“,- აცხადებს გეოლოგი.

გარემოს დაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ინტენსიურად ავითარებს სტიქიურ პროცესებზე დაკვირვების სისტემებს.

„უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში განთავსდა 60-ზე მეტი მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური თანამედროვე, ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები. ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ბუნებრივი საფრთხეების რუკები და ინერგება მონიტორინგის და პროგნოზირების თანამედროვე სისტემები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული კომპლექსური ხასიათის სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება მთელ მსოფლიოში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გეოლოგები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან სტიქიის ზონაში, აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, მსგავსი მასშტაბის პროცესების გამწვავების რისკი არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები