მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts სტუმრების მისაღებად მზად არის - რა ღირს განთავსება?

64ad083dc5e86
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.23 00:30
2693
ზემო რაჭაში, შოვში სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts-ი სტუმრების მისაღებად მზად არის. ეს ერთ-ერთი განთავსების ობიექტია, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, კურორტ შოვში ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრების მიღებას და გამასპინძლებას შეძლებს.

30-ნომრიანი სასტუმრო შოვში 2000 წლიდან ოპერირებს და სტუმრებს სტანდარტულ და საოჯახო ტიპის ნომრებს 2-3-4 პერსონაზე სთავაზობს, აქედან გამომდინარე G&M Shovi-Racha Resorts ერთდროულად 80 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია.

სასტუმროს მენეჯერი ჯენი სულთანიშვილი BM.GE-სთან ამბობს, რომ სასტუმრო ჯავშნების მისაღებად მზად არის. მისი ინფორმაციით, G&M Shovi-Racha Resorts-ში განთავსების ღირებულება 2 ადამიანზე ერთ ნომერში 70 ლარიდან იწყება და კვების რაციონისა და ნომრის ტიპის მიხედვით იცვლება.

„ზოგადად, სასტუმროს ძირითადად ადგილობრივები სტუმრობენ ხოლმე, თუმცა გასულ სეზონებზე გვყავდა სტუმრები ისრაელიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდანაც. რაჭაში თუ მოხვდება ადამიანები, შემდეგ ინფორმაციის გადაცემა ხდება და მიზანმიმართულად მოდიან ჩვენთან.

დღეს სასტუმრო „რაჭა“ სტუმრების მისაღებად მზად არის. ჩვენთან მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენება ნებისმიერი სეგმენტის სტუმარს შეუძლია. უმთავრესი კი ის არის, რომ ჩვენი ნომრებიდან კავკასიონზე ულამაზესი ხედები იშლება.

სტუმრებს როგორც სამჯერად კვებას, ასევე ადგილზე მცირე სამზარეულოს ვთავაზობთ, სადაც კერძების მომზადებას თავად შეძლებენ“, - აღნიშნავს ჯენი სულთანიშვილი და დასძენს, რომ დღეისთვის სასტუმროში დასვენების მიმართ ინტერესი დიდია და რამდენიმე ოჯახს უკვე უმასპინძლეს. თუმცა სასტუმროს მენეჯმენტში სეზონის გააქტიურებას უფრო მეტად 15 ივლისის შემდეგ ელიან.



სასტუმროში შვიდამდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ჯენი სულთანიშვილის თქმით, თბილისიდან ჩამოიყვანეს. მიზეზი ადგილობრივად კადრების არ არსებობაა.

„კადრების მოძიების პრობლემა ძალიან დიდია. ადგილობრივი კადრების დასაქმებას ვცდილობთ, თუმცა გვიჭირს მოძიება. ამიტომ კადრები თბილისიდან ჩამოგვყავს და სეზონზე 5-7 ადამიანს ვასაქმებთ. რაც არ უნდა ხელფასი შესთავაზო, რაჭაში სოფლებში არ არიან, ვინც ამ საქმით დაინტერესდება, თუმცა ვინც არიან მათაც არ სურთ მუშაობა... არის სოციალური შემწეობის დაკარგვის შიშები და ა.შ.“, - აღნიშნავს სულთანიშვილი.

ცნობისთვის: შოვი ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს. კლიმატი საშუალო ალპურია. შოვში ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხული კი ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 17 °C). აღსანიშნია, რომ უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ თაოსნობით, 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები. რეგიონში განვითარების პროექტის ძირითადი პარტნიორები სასტუმრო "სანსეტ შოვი", სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts და პანსიონატი "მამისონი" არიან, რომლებიც კურორტის ისტორიული ტერიტორიის ძირითად ნაწილს ფლობენ.

დღეს არსებული განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, კურორტზე 5*, 4* და 3* სასტუმროების, კოტეჯების, სპორტული, გასართობი და ბალნეოგიურ-რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის შექმნაა დაგეგმილი, რაც კურორტს ოთხივე სეზონზე მოსანახულებლად და დასასვენებლად ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილად აქცევს. წარმოდგენილი გეგმით განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 130 მილიონ დოლარს აჭარბებს. კურორტზე არსებულ სასტუმროებს კი მართვას უწევს სასტუმროების საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები